თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად გვხვდება მტკიცება, რომ ქებაც და ლანძღვაც ერთნაირად ზრდის ადამიანის ცნობადობას. ეს ფრაზა ნაწილობრივ მართალია, რადგან ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები მართლაც რეაგირებენ როგორც დადებით, ისე უარყოფით ხმაურზე.
თუმცა მეცნიერება გვაჩვენებს, რომ პოპულარობისა და რეპუტაციის მექანიზმები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ლანძღვამ შესაძლოა, ასწიოს ადამიანის ხილვადობა, მაგრამ ამავე დროს დააზიანოს ის, რაც გაცილებით რთულად შენდება, ნდობა და პროფესიული სანდოობა.
პოპულარობის ზრდის მექანიზმი კარგად ჩანს Nature-ში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევაში, სადაც გაანალიზებულია ასობით აკადემიური სტატიის მიღმა დინამიკა.
კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ის ნაშრომები, რომლებიც კრიტიკის ობიექტი ხდებოდნენ და რომლებზეც გამოქვეყნდებოდა „კომენტარები“ როგორც აკადემიური კრიტიკის ფორმა, საბოლოოდ უფრო მაღალი ციტირებადობით ხასიათდებოდნენ და ხშირად კონტენტ-დინამიკაში ლიდერობდნენ. ამ შედეგებმა გამოავლინა, რომ კრიტიკული ხმა ინფორმაციის მიმოქცევას აჩქარებს, აუდიტორიის ინტერესს აღძრავს და ნაშრომს დიდი ხნით ამყოფებს საზოგადოების ყურადღების ქვეშ. აქედან გამომდინარე, უარყოფით კონტექსტშიც კი გამოხმაურება ზრდის ხილვადობას, რაც პოპულარობის ძირითადი მახასიათებელია.
თუმცა რეპუტაცია სულ სხვა წესებით მოქმედებს. პოპულარობასთან განსხვავებით, ნდობა არ იზომება ყურადღების რაოდენობით. 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ბრენდის აღქმასა და ნეგატიური პუბლიკაციების ზეგავლენას შეისწავლის, ცხადყოფს, რომ უარყოფითი ინფორმაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ბრენდის მიმართ ნდობას. კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური ცნობები, სკანდალები და კრიტიკული ხმები აზიანებენ იმიჯს, განსაკუთრებით იმ აუდიტორიებში, რომლებიც მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან სოციალური ან ეთიკური საკითხების მიმართ.
კვლევაში ხაზგასმით იყო ნაჩვენები, რომ ქალები და Gen Z თაობის წარმომადგენლები ნეგატიურ ინფორმაციას მეტად მწვავედ აღიქვამენ და უარყოფით კონტენტს რეპუტაციული ნდობის შემცირებამდე მიჰყავთ, მაშინაც კი, როდესაც ბრენდი ან პიროვნება პოპულარობის მნიშვნელოვანი მატებით სარგებლობს. ეს საველე მიგნება ამტკიცებს, რომ ნეგატიური პოპულარობა ვერ იქცევა რეპუტაციის გამაძლიერებელ ფაქტორად, რადგან მისი გავლენა ემოციურ და ღირებულებით რეაქციებზეა დამყარებული.
იმის გასაგებად, თუ რატომ მოქმედებს უარყოფითი გამოხმაურება რეპუტაციაზე ასე ძლიერად, საჭიროა შინაგანი ფსიქოლოგიური პროცესების დათვალიერება. 2025 წელს გამოქვეყნებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევა აღწერს, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი ქებასა და კრიტიკაზე. როცა ადამიანი იღებს ქებას, ტვინი გამოყოფს დოფამინს, რაც ასოცირდება პოზიტიურ სტიმულთან, მოტივაციის ზრდასთან და ქცევის გამეორების სურვილთან. პირიქით, კრიტიკა უნებლიედ ააქტიურებს საფრთხის აღქმის ნეირონულ მექანიზმებს. ტვინი მას განიხილავს როგორც სოციალურ რისკს ან მუქარას, რაც იწვევს სტრესს, თავდაცვით მზაობას და უარყოფით ემოციურ კვალს. ადამიანებს კრიტიკული ინფორმაციის მიმართ უფრო ძლიერი, ხანგრძლივი მეხსიერებითი კვალის ჩამოყალიბება ახასიათებთ, რის გამოც ნეგატიური შთაბეჭდილება რეპუტაციულ დონეზე მეტად მყარდება.
რეპუტაციული ზიანის ფსიქოლოგიური ნაწილი ამით არ სრულდება. სოციალური ფსიქოლოგიის კვლევები ადასტურებენ, რომ მკაცრი ან პიროვნებაზე მიმართული კრიტიკა ადამიანს უთრგუნავს შემდგომ მოტივაციას და უარყოფით გავლენას ახდენს მის მომავალ ქცევასა და შესრულებაზე. აღწერითი, კონსტრუქციული ქება აღძრავს განვითარებასა და თვითეფექტიანობას, მაშინ როცა ნეგატიური, შეფასებითი კრიტიკა ზოგადად მოქმედებს დამთრგუნველად და ამცირებს ეფექტიანობას. ეს მიგნება მნიშვნელოვანი ხდება, როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივ პერსონებზე: ნეგატიური ტონი არა მხოლოდ მათი პიროვნული მოტივაციის შემცირებას იწვევს, არამედ იმაზეც ახდენს გავლენას, თუ საზოგადოება რამდენად კომპეტენტურად აღიქვამს იმავე ადამიანს. ცნობადობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ პროფესიული ნდობა, რომელსაც ემპირიული მონაცემები გაცილებით სენსიტიურ საფუძვლად წარმოაჩენს, იკლებს.
მედიის კვლევები ამ პროპორციას კიდევ უფრო ნათელს ხდის. თანამედროვე სოციალურ გარემოში, სადაც ინფორმაციის გავრცელება სწრაფი, ხმაურიანი და ემოციურად დატვირთულია, ადამიანებისა და ორგანიზაციებისადმი ნდობა ზიანდება მაშინ, როცა ისინი ხშირად ხვდებიან სკანდალური დისკუსიების ცენტრში. ასეთი ხილვადობა შეიძლება აჩენს პოპულარობას, მაგრამ იმავე დროს ამცირებს ადამიანზე წარმოდგენილ სერიოზულობასა და პროფესიულობას. საზოგადოება იწყებს ფორმირებას: „სკანდალებით ცნობილი“ ფიგურა ხშირად კარგავს იმ სიმყარეს, რაც აუცილებელია რეპუტაციისთვის.
P.S. პოპულარობა შესაძლოა, გაიზარდოს როგორც ქებით, ისე ლანძღვით, რადგან ყურადღების მობილიზება ორივე შემთხვევაში ხდება. მაგრამ რეპუტაცია, როგორც სოციალური ნდობის სისტემა აშენებულია სტაბილურობაზე, პოზიტიურ გამოცდილებაზე, ეთიკურ თანმიმდევრულობასა და ემოციურ ნდობაზე. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ხმაური, რომელიც პოპულარობას ზრდის, რეპუტაციას ანგრევს და ამას ადასტურებს როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური, ისე ნეიროლოგიური და კომუნიკაციური კვლევები. მიღებული დასკვნები გვასწავლის, რომ მანდაც ადამიანს ლანძღავენ, მისი სახელი შესაძლოა ყველამ იცოდეს, მაგრამ ძალიან ცოტა ენდოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა