Digest Logo

„მადლობა ორმოცწლიანი მეგობრობისათვის, ნიჭისთვის, იუმორისთვის. თქვენი მოსწრებული ფრაზები თაობებს გადაეცემა“ - თავისუფალი თეატრი

1675521993
ჯემალ ღაღანიძე

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თავისუფალი თეატრის“ ადმინისტრაცია გამოეხმაურა და ფეისბუკზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

„ჩვენი ბატონი ჯემალი აღარაა, შეუერთდა მეგობრების უზარმაზარ გუნდს: რამაზს, გურამს, ედიშერს, კარლოს... მათ, ვინც მრავალი წლის მანძილზე ქმნიდა ქართული თეატრის დიდებას.

რუსთაველის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 67 წელი ერთგულად ემსახურა თავის ერთადერთ სათაყვანებელ თეატრს და მხოლოდ ერთხელ ითამაშა სხვა თეატრში და ეს თეატრი ჩვენი "თავისუფალი თეატრი" იყო, სადაც მან პოლონიუსის როლი ითამაშა „ჰამლეტში", მან არა მარტო შესანიშნავად ითამაშა ჩვენთან, ის ჩვენი თეატრის თავყრილობების მუდმივი წევრიც გახდა, ესწრებოდა ჩვენს სპექტაკლებს, გულშემატკივრობდა ჩვენს თეატრს. ამიტომაც, რუსთაველის თეატრთან ერთად, ჩვენც ვიძახით: აღარაა ჩვენი ბატონი ჯემალიო.. მე პირადად, ვმეგობრობდი მასთან, რამდენიმეჯერ შევხვედრივარ მას მუშაობაში როგორც რუსთაველის თეატრში, ასევე კინოგადაღების მოედანზე, მისი მოსვლა "თავისუფალ თეატრში" და იქ თამაში, იყო მისი უპირობო მხარდაჭერის, მისი მეგობრობის გამოხატულება.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, ყველა რეჟისორისათვის კომფორტული მსახიობი იყო, ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ის რობერტ სტურუას თილისმად ითვლებოდა.

ბატონო ჯემალ, მადლობა ორმოცწლიანი მეგობრობისათვის. მადლობა, რომ გვერდში ედექით "თავისუფალ თეატრს" დღიდან მისი დაარსებისა, მადლობა თქვენი ნიჭისთვის, თქვენი იუმორისთვის, ასე რომ გვიხალისებდა ცხოვრებას და მუშაობას. თქვენი სახელი სამუდამოდ ემახსოვრება მთელ ქართულ თეატრს, თქვენი მოსწრებული ფრაზები კი თაობებს გადაეცემა“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე  დაგაინტერესებთ:

🔵„ახლა ვესწრებოდი ჩემი შვილის მშობიარობას და ეს ყველაზე დიდი სასწაულია, რაც კი ოდესმე გამიაზრებია...“ - თემო შენგელაია მამა გახდა

🔵მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვეს

🔵„ლამაზი ქალობის უპირატესობა დანაშაული არაა, როცა ინტელექტუალი და ასეთი პროფესიონალი ხარ“ - იუნა შაფათავა ნადირაძეზე