Digest Logo

„მენტალური ჯანმრთელობა ძირითადად ემორჩილება ადეკვატურ მკურნალობას, ე.წ. ნევროზები საერთოდ ბოლომდე იკურნება“ - ლევან შელეგია

1774421607
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ემოციებზე საუბრობს:

„ემოციები, განსაკუთრებით ნეგატიური, სხეულში იწყება არც თუ ისე იშვიათად. ამას მეცნიერულ ფსიქოლოგიაში bottom-up პროცესებს ვეძახით, ანუ ქვემოდან-ზემოთ.

ყველაზე ხშირად ეს აისახება გულის მაგალითზე - აჩქარებული გული, იგივე ტაქიკარდია, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ „ააჩქაროს“ ტვინიც და გაგვიჩინოს ძლიერი შიშის შეგრძნება.

არც თუ ისე იშვიათად პანიკური შეტევაც გულის სიმპტომების გარშემო ვითარდება ხოლმე და გადადის ესკალაციაში: აჩქარებული პულსი ძალიან სახიფათო გვგონია და დარწმუნებული ვართ, რომ ინფარქტი, გულის გაჩერება, ან საერთოდ სიკვდილი გვემუქრება. ასეთივე სცენარი შეიძლება განვითარდეს სუნთქვის, ყლაპვის შეგრძნებების გარშემო.

არადა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მხოლოდ ფობიით დაბრმავებული ტვინის მოყოლილი ტყუილებია, რადგან სინამდვილეში ეს კატასტროფის სცენარები არასდროს მართლდება: არავის უსკდება ან უჩერდება გული, არავინ იგუდება და არავინ იხრჩობა ფსიქიკური მიზეზებით.

არავინ! არასდროს! ვინც ამ პრობლემებს იცნობს, დამეთანხმება, თუ რაოდენ მტანჯველი და შემზღუდველი შეიძლება იყოს მსგავსი შეტევები.

ახლა კარგი ამბავი: ზემოთ აღწერილი პრობლემები ექვემდებარება კომპეტენტურ მკურნალობას, თანაც საკმაოდ მარტივად. ყველაზე ეფექტურია CBD - კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპია, სადაც პაციენტი სწავლობს სიმპტომების ადეკვატურად ინტერპრეტაციას, კატასტროფის სცენარების ჩანაცვლებას რეალისტური მოლოდინებით და სხვა მრავალ ტექნიკას.

შეიძლება ჩაერთოს თერაპიაში ბიოფიდბექის სისტემა Biofeedback, რომლის საშუალებითაც პაციენტი სწავლობს, რომ მას აქვს გარკვეულწილად კონტროლი საკუთარ პულსზე, გულისცემის სიძლიერეზე და სხვა ფსიქოფიზიოლოგიურ პარამეტრებზე.

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის სიმპტომების სწორი კითხვა და ინტერპრეტაცია. სწორედ ეს არის პანიკური აშლილობის და არა მარტო პანიკურის, ცენტრალური ბირთვი. ამაზეც იპოვით სრულიად უფასოდ მასალას ამ გვერდზე.

მოკლედ, ჯანმრთელობა საკმაოდ კომპლექსური ფენომენია, რომელიც მწყობრიდან გამოდის ხოლმე, ეს ნორმალურია. საბედნიეროდ არსებობს მწყობრში ჩაყენების არაერთი საშუალება, სპეციალობა. თან მეცნიერებაც ყოველ დღე წინ მიდის.

არასდროს დანებდეთ ავად ყოფნას! იპოვეთ გამოჯანმრთელების გზები! მით უმეტეს მენტალური ჯანმრთელობა ძირითადად ემორჩილება ადეკვატურ მკურნალობას, ე.წ. ნევროზები საერთოდ ბოლომდე იკურნება.

მე კი ამ გვერდით მაქსიმალურად შევეცდები, მოგაწოდოთ სისტემატურად ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში მაინც.

ვიცი ძალიან ბევრისგან, რომ აქ მოპოვებული და გააზრებული ინფორმაციით სხვადასხვა პრობლემა დაძლია, ცხოვრების ხარისხი მოიმატა და საერთოდ გამოჯანმრთელდა🥳 როცა რამის შეცვლა გინდა, არასწორი მხოლოდ უეფექტო ერთიდაიგივეს ან საერთოდ არაფრის კეთებაა! ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენი ახალმთვარეობაზე დათესილი ზრახვები პირველ სერიოზულ გამოცდას გადის...“ - 25 მარტის კოსმოსური ამბები

„ეს ენერგიის გახსნაა, რომელიც დღეს დაგეხმარებათ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში...“ - 25 მარის ასტროლოგიური ენერგიები

„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა, ექსტრემალური სპორტის სახეობებით დაკავება“ - 25 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით