Digest Logo

„მინდა იცოდე, რომ ცხოვრება მარტივი არ არის და ამ სირთულეში ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც მარტივად შეგახედებს პრობლემებს“ - დიკა სალაყაია

1744536398
დიკა სალაყაია

მწერალი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოსწავლეებს ვთხოვე წერილობით განევრცოთ ფრაზა - “მინდა იცოდე რომ”….

- მას, თქვენ როგორ დაწერდითო მკითხეს.  
დავწერ და “სტატუსად” დავდებ-მეთქი დავპირდი.  
ჰო და, ასე….

მინდა იცოდე, რომ თუ ამ სტატუსს კითხულობ ე.ი მე დანაპირები შევასრულე. ყოველთვის უნდა შეასრულო თუ დაჰპირდები.

მინდა იცოდე, რომ ცხოვრება მარტივი არ არის და ამ სირთულეში ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც მარტივად შეგახედებს პერობლემებს. მინდა იცოდე, რომ თუ წარმატების მიღწევას დაისახავ მიზნად, უნდა მიაღწიო, მაგრამ
ამ გზაზე სხვა არ გადათელო…

მინდა იცოდე, რომ არიან სხვებიც!
მინდა იცოდე, რომ ცრემლები სისუსტე არ არის და როცა გეტირება უნდა იტირო კიდეც, ოღონდ სულს რომ მოითქვამ იმ ცრემლებს კი არა, ცრემლების მიზეზს ებრძოლე…
მინდა იცოდე, რომ რაც უნდა ზედმიწევნით იცხოვრო და იარო ცხოვრების გზაზე, მაინც გამოჩნდება ვიღაც, ვინც ნაბიჯებს დაგიწუნებს… მინდა ამის არაფრად ჩაგდებაც იცოდე!

მინდა იცოდე, რომ ყველაზე დიდი ძალა, რწმენა, ყველაზე მეტი უფალი შენშია და სანამ ტაძარში დაუწყებ ძებნას შენში უნდა ეძიო…

მინდა იცოდე, რომ აწმყოში როცა საყვარელ ადამიანს გულს სტკენ მომავალში უთუოდ ინანებ…

მინდა იცოდე, რომ საკუთარი ოცნებების უნდა გწამდეს და მაშინ აუცილებლად ახდება….

მინდა იცოდე, რომ ფუფუნება ძვირად ღირებული ნივთები არ არის, ფუფუნებაა სიმშვიდე და საყვარელი ადამიანების არსებობა.

მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ ერთი სიტყვა თავიდან დაბადების, ან სიკვდილის ტოლფასია და სწორად შეარჩიე სიტყვებიც…

მინდა იცოდე, რომ ცხოვრება ზოგჯერ “შვლის ნუკრის” ნაამბობს ჰგავს და არ იცი სად არის საფრთხე ჩასაფრებული - ამიტომაც იფხიზლე!

მინდა იცოდე, რომ შეიძლება “მარიტას” მსგავსად გესროლონ ტალახი, მაგრამ “ციციკორედ” ყოფნას მაინც ეს ჯობია…

მინდა იცოდე, რომ როცა ძალა გამოგელევა ყოველთვის არსებობს მიზეზი და აუცილებლად აღმოაჩენ თავიდან…

მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანი შეიძლება უფლის ანგელოზად მოგევლინოს და ცხოვრების სცენარი შეგიცვალოს.

მინდა იცოდე, რომ სიცოცხლე შეუფასებელია და იგი მთელი გულით უნდა შეიყვარო…“, - წერს დიკა სალაყაია

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს საღი და ჯანმრთელი თაობა“ - როლანდ ოქროპირიძის ვაჟის შესანიშნავი შესრულება

⭕არ გააკეთეთ ეს დღეს! - ნახეთ რას გვიმზადებს ვარდისფერი სავსე მთვარე

⭕შეიძლება თუ არა ბზის შეძენა სხვას ვთხოვოთ, რომელ ოთახში შევინახოთ და უნდა უყოთ ძველ ბზას - რჩევები