სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის დედა - ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, მის შვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და კითხულობს, შეიძლება თუ არა საქართველოში სიმართლის პოვნა.
„2019 წლის 26 მაისი.
ღამის პირველ საათზე გავედი ნავთლუღის ყვავილების ბაზრობაზე, ვარდების საწყობში სამუშაოდ. დილის რვაზე სოფი მყავს სკოლაში (ალბიონი) მისაყვანი. ექსკურსიაზე მიდის მე_ 11 კლასი დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად. მშობლები არ მოინდომეს. 7- ისკენ მირეკავს, დეე, რვაზე კი არა შვიდზე მოუფიქრებიათ, მოდი ჩქარა, წამიყვანეო. მე დავამშვიდე, მოვალ და „ისთ პოინტთან“ დავხვდეთ_თქო. გავიქეცი სასწრაფოდ, დავურეკე კორპუსის მოპირდაპირედ მარკეტთან ჩამოდი თქო.
მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა - ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან... მოვიდა, ჩაჯდა ბუზღუნით, მე პარკი მივაწოდე მანამდე მარკეტში ნაყიდი, გზაში სასუსნავები.
მივიყვანე გზაზე, დაველოდეთ ავტობუსს,სარკიდან დავინახე, რომ მოგვადგნენ,არც გადმოვსულვარ,ისე გადავიდა და წავიდა...ფულიც მივეცი დასახარჯავად, მეც მაქვსო ჩემი ხელფასიო. მუშაობდა სალოსთან და ჩაერიცხა წინა დღეს.
სადღაც 12 - ისკენ დამირეკა და ბოლო ხმა ეგ იყო: დეეე, ჩავედიით და მივდივართ ახლა ნაკრძალში. ჭყლოპონებდა აღტყინებული.
მერე... მერე იყო არანაირი იმედი... ვერაფერს რომ ვერ ჩავებღაუჭე... ცხედარს ვნატრობდი, ოღონდ იპოვონ-თქო...
დღეს სოფის სპორტის მასწავლებელი ვასილ ქოჩიევი, რომელიც შემთხვევის დროს,შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უდანაშაულოდ ცნეს. იგი აქამდეც იმავე სკოლაში მუშაობდა და ისევ ივლის სამსახურში.
დამრიგებელი ლალი (ნელი) სონღულაშვილი (რომელიც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვა) დამნაშავედ ცნეს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც გადაკვალიფიცირდა პირობით სასჯელად, ასევე სამი წლით. იგი მუშაობს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და კვლავ გააგრძელებს პედაგოგობას.
მე? მე დარჩენილი ცხოვრება ვივლი საფლავზე, სადაც გაღიმებული სოფის ფოტო შემომყურებს. ეს სკვინჩას ბოლო დღის ფოტოა...
ჩემი 16 წლიანი გაელვება, ჩემი ნაბოლარა და სასწაულად დაუდგრომელი, გულიანი, ფხუკიანი, თბილი და ვერცხლისწყალა შვილი, წაიყვანეს და არ დამიბრუნეს... და სად შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!“, - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში ტრაგიკულად დაიღუპა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: