დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოთრაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წყვილის ურთიერთობაში მარტოობის და მიტოვების შიშზე საუბრობს.
მისი თქმით, მიტოვების შიში ხშირ შემთხვევაში ბავშვობის გამოცდილებას უკავშირდება, შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები ხშირად წყვილურ ურთიერთობაში მეტ ეჭვიანობას, მეტ დაუცველობის განცდას და მეტ ემოციურ ტკივილს განიცდიან:
„არ წახვიდე...“ - ეს სიტყვები ზოგჯერ სიყვარულიდან იბადება, მაგრამ ხშირად მათი უკან სხვა რამ დგას. შიში.
შიში იმისა, რომ ერთხელაც საყვარელი ადამიანი წავა, აღარ დაგირეკავს, აღარ დაგელაპარაკება, შენს გარეშე განაგრძობს ცხოვრებას. სწორედ ამ შიშს ფსიქოლოგიაში მიტოვების შიშს უწოდებენ, ხოლო მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა მარტოობის შიში, რომელსაც ზოგჯერ ავტოფობიასაც უწოდებენ.
ერთი შეხედვით, ასეთი ადამიანები განსაკუთრებით მოსიყვარულე პარტნიორები ჩანან. ხშირად წერენ, მუდმივად ინტერესდებიან მეორე ნახევრით, ცდილობენ დრო ერთად გაატარონ. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი სიყვარული შეიძლება კონტროლად, ეჭვიანობად და მუდმივ შფოთვად გადაიქცეს. მიზეზი კი ის არ არის, რომ პარტნიორი არ უყვართ. პირიქით. ხშირად იმდენად უყვართ, რომ მისი დაკარგვის ეშინიათ.
მიტოვების შიში ხშირ შემთხვევაში ბავშვობის გამოცდილებას უკავშირდება. ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსის, ჯონ ბოულბის მიჯაჭვულობის თეორიის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც არასტაბილურ, ემოციურად მიუწვდომელ ან არაპროგნოზირებად გარემოში იზრდებიან, ხშირად ქმნიან „შფოთვით მიჯაჭვულობას“. ისინი ზრდასრულ ასაკშიც მუდმივად ელოდებიან, რომ საყვარელი ადამიანები მიატოვებენ.
ამ ადამიანებს აქვთ ერთი დამახასიათებელი თვისება: მათთვის ყოველი დაგვიანებული შეტყობინება, უპასუხო ზარი ან შეცვლილი ხმის ტონი შეიძლება უარყოფად აღიქმებოდეს.
შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები ხშირად წყვილურ ურთიერთობაში მეტ ეჭვიანობას, მეტ დაუცველობის განცდას და მეტ ემოციურ ტკივილს განიცდიან. საინტერესოა, რომ მათი შიში ხშირად სწორედ იმ შედეგს იწვევს, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ. მუდმივი კონტროლი, კითხვები, მოთხოვნა და უნდობლობა დროთა განმავლობაში პარტნიორს ღლის და ემოციურად აშორებს. მეორე მხარეს კი ხშირად აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც ზედმეტი სიახლოვე აშინებს. ასეთ წყვილებში ერთი მუდმივად მიიწევს პარტნიორისკენ, მეორე კი დისტანციას ინარჩუნებს. რაც უფრო მეტად ეძებს ერთი ადამიანი დამშვიდებას, მით მეტად იკეტება მეორე. რაც უფრო იკეტება მეორე, მით მეტად შფოთავს პირველი. მაგრამ მარტოობის შიში მხოლოდ ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობით არ ვლინდება. ზოგჯერ ადამიანი საერთოდ ვერ ტოვებს ურთიერთობას, რომელიც უკვე დიდი ხანია დასრულებულია.
შეიძლება ყოველდღიურად განიცდიდეს შეურაცხყოფას, უპატივცემულობას ან უგულებელყოფას, მაგრამ მაინც რჩებოდეს. როდესაც ეკითხებიან, რატომ არ მიდის, პასუხი ხშირად ასეთია: „მარტო დარჩენა უფრო მაშინებს“.
ამაზე საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ ჰარვარდისა და ტორონტოს უნივერსიტეტების მკვლევრები. კვლევის მიხედვით, ადამიანები რომელთაც მარტოობის ძლიერი შიში აქვთ, გაცილებით ხშირად ინარჩუნებენ არაჯანსაღ ურთიერთობებს, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავთან მარტო ყოფნას მშვიდად აღიქვამენ. პარადოქსი ის არის, რომ ძლიერი და ჯანსაღი სიყვარული დამოკიდებულებიდან არ იბადება. ის თავისუფლებიდან იბადება. ურთიერთობა ყველაზე მეტად მაშინ მყარდება, როდესაც ორივე პარტნიორს შეუძლია ერთმანეთის გარეშე არსებობაც და ერთმანეთთან ყოფნაც.
სუ ჯონსონი, ემოციურად ფოკუსირებული თერაპიის ერთ-ერთი ავტორი, წერს, რომ ადამიანს უსაფრთხო ურთიერთობა მაშინ აქვს, როდესაც იცის: „შენ აქ ხარ ჩემთვის, მაგრამ ჩემი არსებობის ერთადერთი საფუძველი არ ხარ“. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მარტოობის შიშისგან გათავისუფლება ნიშნავს დამოუკიდებლობას, სიცივეს ან სხვებისგან დისტანცირებას. სინამდვილეში პირიქითაა. როდესაც ადამიანს საკუთარი თავის მარტო დატოვება აღარ აშინებს, სწორედ მაშინ შეუძლია ნამდვილი სიახლოვის მიღება. მას აღარ სჭირდება მეორე ადამიანის კონტროლი, მუდმივი შემოწმება ან ემოციური მიბმა. ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ აქ იწყება: ადამიანი თანდათან ხვდება, რომ პარტნიორის სიყვარული შეიძლება ბედნიერების წყარო იყოს, მაგრამ არა არსებობის ერთადერთი პირობა.
ადამიანი, რომელსაც საკუთარი მარტოობის არ ეშინია, პარტნიორს აღარ ეჭიდება. ის უბრალოდ ირჩევს მის გვერდით ყოფნას. და სწორედ ეს არჩევანი ქმნის ყველაზე მყარ, თავისუფალ და ჯანსაღ ურთიერთობებს“, - წერს მაგდა კოტრიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მივირთვათ ჩია სწორად? - არუნ ხათრი საუკეთესო მეთოდს გვიზიარებს