Digest Logo

„მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

1696140312
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სკოლაში არსებულ ვითარებაზე და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნაზე, სკოლაში დაბრუნდეს დისციპლინა პასუხობს:

„ახლა მოვიცალე და ცალი თვალი გადავავლე სხვადასხვაგან კომენტარებს - ჩემი შესანიშნავი მოსწავლეების შესახებ. მათგან უმრავლესი, თანაც უკიდურესად უმრავლესი, მხოლოდ სითბოს გამოხატავს, მაგრამ არის არცთუ მცირე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ნამეტნავად სწუხან. ჰოდა, მე მინდა მათ წუხილი დავუამო და გავაკეთებ იმას, რასაც იშვიათად ვაკეთებ - ვუპასუხებ.

დისციპლინა! - მოთქვამენ ისინი - სად დაიკარგა დისციპლინა?!

რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას, ოთახიდან გაძევებას, ,,ხვალ მშობელს მომითრევ კეკელიძე!" თუ რომელს? ააა, უი, არა? იმდენი შეგირცხვეთ ლათინური შრიფტი, რამდენიც სწორედ ამას - უბრალოდ მთლად ასე ვერ ამბობთ - ზოგი ემიგრაციაში ხართ და ზოგს სხვა კონტექსტი გაკავებთ, თორემ კარგად იცით - ეგ დრო იყო თქვენი.

აჰ, უბრალოდ წესრიგი გნებავთ? და რა ეტყობათ იმ ბავშვებს უწესრიგობის?

გადახედეთ ფოტოს - ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან, გაფაციცებით უცქერენ ანიმაციას. თანაც როდის? მერვე(!) გაკვეთილზე - მე დამატებით, თავისუფალ შეხვედრებს ვატარებ წიგნიერებაზე და ხელოვნებაზე. ჰოდა, უბრალოდ, ერთი ძალიან კარგი გოგონა დაიღალა და სპონტანურად წამოწვა. და როგორ უყურებს ის მეტი ყურადღებით? - მივიჭრა, წამოვაყენო, დავსვა, ხელები ზურგს უკან გადავუგრიხო და მერე გაყინული თვალებით იჯდეს და უმზერდეს

- ისე, ,,როგორც თქვენ მოგეწონებათ"? თქვენ იცით, რას ფიქრობს ამ დროს ბავშვი? არა. არათუ ამ დროს, საერთოდ რას ფიქრობს, ისიც არ იცით - თქვენ იცით, რას ფიქრობთ თქვენ და ბავშვიც იგივეს უნდა ფიქრობდეს თქვენი აზრით. ამ ,,დისციპლინით" შეძენილი განათლება იოლად ჩანს თქვენსავე ქართულში - ორმოცდაათს გაცდენილი ხალხი კვლავაც ,,იზავს" და ,,სვავს"- ს რომ წერთ დაჟინებით. ამ ბავშვებს იმ გაკვეთილიდან ცოდნა გაჰყვათ, თქვენ - მხოლოდ ბრაზი მათზე.

ეს არის თავისუფლება? - ოხრავთ კვლავაც. თავისუფლება ბევრად ღრმა და რთული რამ არის უძალიანესად ძვირფასებო, მაგრამ იმ აზრით, რა აზრითაც ალბათ თქვენ კითხულობთ - დიახ! და ხან უფრო მეტიც. თავისუფლება არის თავის უფლად ყოფნაც და თავის დაუფლებაც - ჩემმა მოსწავლეებმა ორივე საქმეში ვარჯიში იციან, თქვენ - არცერთში.

ბოლო, ვირეშმაკული არგუმენტი ამ უცნაური, თუმცა კარგად საცნაური ხალხის ეგ არის: ,,ასე შვებიან გგონიათ ევროპაში?!“ თქვენგან განსხვავებით, მე მეთოდურად მაქვს შესწავლილი, სად, რას და როგორ ,,შვებიან" და მეორეც - მე თქვენ სტერილური ქართველი მოლიბერალო ტიპი გგონივართ ალბათ, მაგრამ მანდაც ღრმად სცდებით. ვერ შემაშინებს ეგ თქვენი ყალბი ,,ევროპით" დამუნათება, როგორც სწორად ჩავთვლი, ისე ვიმოქმედებ და თანაც, ამდენ წერაში კიდევ უფრო ძვირფასებად ქცეულებო - რა ევროპა?! ხომ კარგად ვიცით - თქვენი კუმირი ორენბურგის ნეკრასოვის სახელობის მეცხრე სკოლის მეხუთე B კლასის ისტორიის მასწავლებელია. არა? კარგი. ბოდიში.

მე თქვენნაირი არ ვარ. არ მგონია, რომ ეს ქვეყანა თქვენი არ იყოს - თქვენიცაა. მეტიც - მე ვიქნები მკაცრი პასუხისას, მაგრამ ყოველთვის დავტოვებ მეორე, გამოწვდილ ხელს ჩამოსართმევად. მე არ მგონია, რომ თქვენ უნდა გაუქმდეთ და გაქრეთ. ვეცდები, რომ თქვენი ფიქრი შევცვალო, მაგრამ თუ ვერ - არც ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. ჩემი მიზანი ერთია - თქვენი მიზანი არ ასრულდეს - მღეროდეს ყველა ისე, როგორც თქვენ გგონიათ მართალი, თქვენ მოგწონთ და გეპიტნავებათ. არა, ბატონო. იმღერეთ თქვენ და ჩვენც ვიმღერებთ. ბოლოს გავზომოთ, რა საქმეს იზამს ეს ნამღერი“,- წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადმომცეს, რომ ძალიან სერიოზული საცობებია. ნერვები არ მომიშალოთ, გზა დამითმეთ“ - გია სურამელაშვილის ვიდეომიმართვა

🎥 ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად ამღერდა

🎥 ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია - ტელეწამყვანი შავ კომბინეზონში პოზირებს