Digest Logo

„მტკივა შვილო! მტკივა უშენობა. შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე?“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი

1702707250
ტარიელ ხარხელაური

ყველასათვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხელაური რომელსაც წლების წინ 23 წლის შვილი მოუკლეს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემო ბექა!

ამ წიგნის დასრულებაც მოვასწარი...
ვერც ამ წიგნში ავუარე გვერდი ტკივილებს,შენდობას გთხოვთ შენც და მკითხველსაც, მაგრამ რა ვქნა, ჩემგან ნურც შენ და ნურც მკითხველი იმაზე მეტს ნუ მოითხოვთ, რამდენის ატანაც ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. ჩათვალეთ, რომ თქვენს წინ დგას ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც საწუთისოფლო ტკივილი უცხო არაა. მტკივა შვილო! მტკივა უშენობა...ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე.

ვიცოდი რომ შენ ჩემზე უკეთ შეგეძლო სამშობლოს მსახურება. სწორედ შენი დაბადების შემდეგ დაიწერა ვერკვლის ციხე და, რომ არა შენი იმედი,  ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა- სტრიქონების თქმას ვერ გავბედავდი.

არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. 

ამის თქმაც შენით გულმოცემულმა გავბედე. ამის შემდეგ მინდოდა შენ გაგეგრძელებინა ეს სიტყვები, შენ ჩემზე უკეთ მოგიხდებოდა, მაგრამ ეტყობა არც მაინცდამაინც იქაურ დიდ საქართველოს ულხინს, რადგან წინა საუკუნის დასასრულსა და ახალი საუკუნის დასაწყისში ბევრი ჯიშიანი ქართველი შეუერთდა სულეთის მხედრობას.

ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, ხსოვნა ვის უფრო გვჭირდება; თქვენ, მარადისობის ბინადართ თუ ჩვენ,ხიზანთ წუთისოფლისას. მაგრამ მაინც:

*****

ზამთრის წესია - ვინ უშლის,
იქროლოს, უნდა ითოვლოს,
ასე ზის უფლის დღიურში,
მე როგორ დავათითოვო...
ჰქრის და ღრუბლები მახურავს,
გრგვინვა ტკივილთა გამოა,
ჩემთვის არც გაიზაფხულა,
ჩემთვის არც ია ამოვა.
არც სად გვირილა იკვნესებს,
ჩამჭკნარი, მზისგან ჩამხმარი...
ვბანე,ცრემლებით გიკემსე
მკერდი ტყვიისგან ნახრავი.
ვერაფერი ვერ შევცვალე,
ვერ გაგიმრთელე ჭრილობა...
შენ მზედ იქეცი,მე მთვარედ,
გავცვალეთ მამაშვილობა“, - წერს ტარიელ ხარხელაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „თხოვდები თუ არ თხოვდები, ორივე გიხაროდეს“ - ბაბი კირკიტაძისა და თათა გიორგობიანის სახალისო სიმღერა

🔵როგორ რეაგირებს ჭორებზე, შემთხვევა რომელმაც შეცვალა და რას ნიშნავს ნატალია ყიფშიძისათვის ოჯახი - ბლიცინტერვიუ

🔵„მსხვერპლის როლი გაქვთ მორგებული და შეიძლება, თავს გმირადაც კი მიიჩნევთ, რომ ამდენ რამეს იტანთ და უძლებთ“ - თათა გიორგობიანი