Digest Logo

„ნამდვილი კავშირი ითხოვს კომპრომისს, ზოგჯერ საკუთარ ეგოზე, მავნე ჩვევებსა თუ ძველ ცხოვრების წესზე უარის თქმას“ - ფსიქოლოგი ურთიერთობებზე

1780950883
წყვილი და სიყვარული

იცით, რომ ორ ადამიანს დაშორების შემდეგ დიდხანს შეიძლება გაყვეს ერთმანეთის მიმართ შეყვარებულობის განცდა.

ურთიერთობა მთავრდება და სიყვარული არა და ეს დასასრული სულაც არ არის შეუთავსებლობის ბრალი.

ურთიერთობები იშლება იმიტომ, რომ ერთ-ერთ (ან ორივე) პარტნიორს უბრალოდ არ ეყო შინაგანი ძალა, სიმამაცე და პასუხისმგებლობა, ეს სიყვარული შეენარჩუნებინა.

ადამიანები საკუთარი სისუსტის გამო კარგავენ უდიდეს გრძნობებს. ფსიქოლოგის კაბინეტში ხშირად მოისმენთ სინანულით სავსე აღიარებებს, რომლებიც წლების შემდეგ მოდის. როცა ადამიანი ხვდება, რომ რეალურად კი არ „გადაუყვარდა“, არამედ შეეშინდა. შეეშინდა იმ სირთულეების, პასუხისმგებლობების და ზრდის, რასაც ნამდვილი კავშირი მოითხოვდა.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: სიყვარული მხოლოდ ყვავილები და სასიამოვნო ემოციები არ არის. სიყვარული გადაწყვეტილება, გაცნობიერებული არჩევანი და შრომაა.

როცა ურთიერთობაში პირველი სირთულეები, გაუგებრობები ან ყოველდღიურობის რუტინა შემოდის, სუსტი ადამიანი იბნევა. მას ჰგონია, რომ თუ იდეალურობის განცდა გაქრა, ესე იგი „სიყვარული დამთავრდა“.

ნაცვლად იმისა, რომ დაჯდეს, ილაპარაკოს, პრობლემას თვალი გაუსწოროს და პასუხისმგებლობის თავის წილი აიღოს, ის ირჩევს უმარტივეს გზას გაქცევას, გაუჩინარებას ან ემოციურ დისტანცირებას. მას უბრალოდ არ ყოფნის ძალა, ურთიერთობის კრიზისს ზრდასრულივით დახვდეს.

ნამდვილი კავშირი ითხოვს კომპრომისს, ზოგჯერ საკუთარ ეგოზე, მავნე ჩვევებსა თუ ძველ ცხოვრების წესზე უარის თქმას. სუსტ ადამიანს უნდა, რომ ჰყავდეს იდეალური პარტნიორი, მაგრამ თავად არაფერი შეცვალოს საკუთარ თავში.

მას ეშინია პასუხისმგებლობის აღების საკუთარ ნაკლოვანებებზე. ურჩევნია დაკარგოს ადამიანი, რომელიც უყვარს, ვიდრე დაძლიოს საკუთარი შიშები, სიამაყე ან ეგოიზმი. ეს არის სისუსტის გამო გრძნობის გაწირვა. ხშირად ადამიანები სიყვარულს თმობენ იმიტომ, რომ ეშინიათ „რას იტყვის ხალხი“, ეშინიათ მშობლების რეაქციის, ეშინიათ ფინანსური რისკების ან უბრალოდ მომავლის არაპროგნოზირებადობის.

მათ არ აქვთ გამბედაობა, დადგნენ საკუთარი არჩევანის სადარაჯოზე. სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა და უკან დახევა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა.

აი, აქ ვუბრუნდებით თერაპიის მთავარ მიზანს. როცა ხედავ, რომ შენს გვერდით მყოფ ადამიანს უყვარხარ, მაგრამ მისი სისუსტის, სიფრთხლისა და უპასუხისმგებლობის გამო ეს ურთიერთობა შენთვის დამაზიანებელი ხდება, შენ გიწევს უმძიმესი არჩევანის გაკეთება.

შენ უნდა თქვა უარი იმ სიტუაციაზე, რომელიც განგრევს. ეს არის უდიდესი ტკივილი წამოხვიდე იქიდან, სადაც გრძნობა კვლავ არსებობს, მაგრამ იცი, რომ მეორე ადამიანი თავისი სისუსტით ფსკერისკენ გექაჩება.

როცა ურთიერთობა ინგრევა, ჩვენი ფსიქიკა ავტომატურად ირთავს თავდაცვის მექანიზმს და მთელ ფოკუსს პარტნიორის შეცდომებზე გადაიტანს ხოლმე: „ის უპასუხისმგებლოა“, „ის არის მატყუარა“, „ის არ ზრუნავს“, მაგრამ ყველაზე დიდი სიმამაცე, რაც ადამიანს თერაპიასა თუ ცხოვრებაში სჭირდება, ამ ფოკუსის საკუთარ თავზე გადმოტანაა.

მანამ, სანამ პარტნიორის ნაკლოვანებების სიას ჩამოწერდეთ, დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე არასასიამოვნო, მაგრამ მაცოცხლებელი კითხვა:

- მე რას ვაკეთებ (ან არ ვაკეთებ) ამ ურთიერთობისთვის?

- ხომ არ ვცდილობ ჩემი შიშები და არარეალიზებული მოლოდინები მეორე ადამიანს გადავაბარო?

- ჩემი რა ნაწილი, ეჭვები ან სისუსტე უშლის ხელს ამ კავშირის განვითარებას?

ურთიერთობაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა არასდროს არის ცალმხრივი აქტი. ის პარტნიორობაა, სადაც ორივე მხარეს თანაბრად მოეთხოვება საკუთარ „დემონებთან“ მუშაობა.

შეუძლებელია ააშენო ჯანსაღი კავშირი, როცა ერთი ადამიანი მუდმივად იზრდება, სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და ცდილობს, მეორე კი ძველ, კომფორტულ ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ელოდება, როდის მოერგებიან მის ხასიათს.
ოქროს წესი მარტივია: თუ გინდა გყავდეს მზრუნველი, შემდგარი, პასუხისმგებლიანი და ძლიერი პარტნიორი, ჯერ თავად უნდა გახდე ასეთი. ურთიერთობა არის ზუსტი სარკე იმისა, თუ ვინ ხარ შენ დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 9 ივნისს? - „იგრძენით ემოციები, სიხარული და მადლიერება“

„როცა ადამიანი სცოდავს, ერთადერთი რამ, რითაც შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, არის, რომ არავითარ შემთხვევაში თავი არ გაიმართლოს“ - თეოდორე გიგნაძე

გიორგი წიტაიშვილი ორგზის მამა გახდა - ცნობილია რა დაარქვეს ახალშობილს