„თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს“, - აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს:
„თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ადგილზე მისულ ბრიგადას საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. პაციენტის ოჯახის წევრები და მეზობლები პანიკაში იყვნენ.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც ფიბრილაცია დაფიქსირდა. ექიმებმა მყისიერად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. ბრძოლა პაციენტის სიცოცხლისთვის დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. მესამე ელექტროშოკის შემდეგ პულსი დროებით აღდგა, თუმცა მალევე კვლავ შეწყდა. მხოლოდ მეოთხე ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ აღდგა პაციენტის პულსიც და სუნთქვაც.
მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმმა ლიკა რამდენჯერმე მოიკითხა მათ მიერ გადარჩენილი პაციენტის მდგომარეობა და საბოლოოდ ძალიან სასიხარულო ამბავი შეიტყო, მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკიდან ბინაზე გაეწერა.
ექიმი ლიკა ბლუიშვილი განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს 0232 ბრიგადის უმცროსი ექიმის პავლე ხითარიშვილის, მძღოლის ზურაბ გულიაშვილის პროფესიონალიზმს და გუნდურ მუშაობას.
„ასეთ დროს თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შედეგს კი მხოლოდ პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთმანეთის გვერდით დგომა განაპირობებს,“ - აღნიშნავს ლიკა ბლუიშვილი.
ლიკა ბლუიშვილი 15 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმია. მისი სამუშაო გამოცდილება არაერთ საინტერესო ისტორიასა და გადარჩენილ სიცოცხლეს მოიცავს.
„ეს შემთხვევაც განსაკუთრებულ შემთხვევათა შორის თამამად დაიკავებს თავის ადგილს. ეს არის კიდევ ერთი ისტორია , თუ როგორ შეიძლება პროფესიონალიზმმა, გუნდურმა მუშაობამ და შეუჩერებელმა ბრძოლამ სიცოცხლე გადაარჩინოს“, - წერს სოციალურ ქსელში „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ამერიკელი მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა
⭕ „უბრუნდებით იმ მიტოვებულ ნავსადგურებს, სადაც გემები აღარ დადიან...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია, ტაქტი და ზომიერება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი