ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია Grlzwave ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორიას აქვეყნებს. გავრცელებული პოსტის თანახმად, მასზე 8 წლის ასაკში ხანდაზმულმა კაცმა სექსუალურად იძალადა, მაშინ მიღებულ ტრავმას კი დღემდე ებრძვის.
„დიდი ხანია სხვების ისტორიებს თვალს ვადევნებ და თითქოს, სინდისი მქენჯნის, მე რომ ჩუმად ვარ. ბევრი ფიქრის შემდეგ, ანონიმურად გასაჯაროების გადაწყვეტილება მივიღე.
ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობდა. ყველა ყველას იცნობდა და ემეგობრებოდა. ამის გამო, ზედმეტი სიფრთხილე არასდროს არავის გამოუჩენია ბავშვების მიმართ და თამამად მიშვებდნენ მეც ეზოში.
პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი. ის დაახლოებით - 65-70. ყოველთვის ვგრძნობდი ამ ადამიანისგან ზეწოლას, მუდმივად ცდილობდა, ცალკე გავეტყუებინე, ჩემთვის ეკოცნა და ჩამხუტებოდა. პატარა ვიყავი, ვერც იმას ვხვდებოდი, რომ ეს ცუდი რამ იყო. მეგონა, უფროსები ასე გამოხატავდნენ სიყვარულს, როგორც დედა ან მამა.
ერთხელ სარდაფში შემიყვანა, გამაშიშვლა და თავადაც გაშიშვლდა. მთელ სხეულზე მეფერებოდა. არ გავუუპატიურებივარ. ვფიქრობ, რომ ვერ ბედავდა ამას. ყოველ ჯერზე, ყველა შესაძლო მომენტს იყენებდა, მაგრამ ბოლოს ჩერდებოდა. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ბოლომდე არ მახსოვს, რა მოხდა.
რამდენიმე წელი, ბავშვობისას, იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. მუცელში ხელებს ვირტყამდი, საჭმელს არ ვჭამდი, გამუდმებით ვტიროდი და მეშინოდა.
ეს ყველაფერი სისტემატურად გრძელდებოდა. ის კი ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც მაშინ ჩემზე უძალადია. ერთ-ერთი მათგანი საჩუქრებით მიტყუებდა სახლში, შემდეგ მულტფილმებს მირთავდა, სავარძელზე დამსვამდა და მკოცნიდა.
ყველაფრის გასაანალიზებლად ძალიან ბევრი წელი დამჭირდა. მომენტებში ვგრძნობ იმ სარდაფის მწარე სუნს, კაცის ხელებსა და კბილებს ვხედავ. ფიზიკური კონტაქტი არ შემიძლია. უკვე ზრდასრული ვარ, თუმცა ვერც შეყვარებულის ყოლაზე ვფიქრობ. გამიჭირდება იმ ყველაფრის ახსნა, რატომ ვერ ვიქნები მასთან ფიზიკურად ახლოს ან, რატომ შემეშინდება ყოველი უმნიშვნელო დეტალის.
მეშინია, რომ დღემდე ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს და საერთოდ არაფერი გამქრალა. მესიზმრება, მელანდება და ყოველ ნაბიჯზე ვხედავ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს. თითქოს, ჯერ კიდევ 8 წლის ვიყო“, - წერს ძალადობის მსხვერპლი.
თავად გვერდი კი ნდობისთვის მომხმარებელს მადლობას უხდის.
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/.../1FAIpQLSc5TV6B9Dl.../viewform...
ფორმაზე გადასვლისას გუგლმა შეიძლება მოგთხოვთ სისტემაში შესვლა, თუმცა ეგ არის გუგლის მოთხოვნა და ავტორის ვინაობა ჩვენთვისაც უცნობი რჩება
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.