„გიორგი ქინქლაძე გენიოსი იყო. მაშინ სიტის, აბა, რა გუნდი ეთქმოდა. მსოფლიოში თუ ვინმემ იცოდა მის შესახებ, დიდწილად თანაქალაქელი იუნაიტედის გამო - როცა მას ხვდებოდა, დერბი ერქვა და დერბი კიდევ წმინდა რამეა - ინგლისში ხომ საერთოდ - თუნდაც დავითი ხვდებოდეს გოლიათს“, - ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და ქინქლაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს გიორგი ქინქლაძის დაბადების დღეა.
პირველად რომ ფეხბურთის გამო ვიტირე, ეგ ცრემლი ქინქლაძისა იყო, თუმცა უცნაური - ერთ ოზურგეთულ სარდაფში, სადაც პრემიერლიგის თამაშებს აჩვენებდნენ, დიდი ხვეწნით ჩავედი და თამაშის ნაცვლად იმ არხზე რაღაც თურქული სერიალი გავიდა. არ ვიცი ხარვეზი. არ ვიცი ჩემი ცუდი ფეხი. მოკლედ ვიტირე. მართალია მალულად, მაგრამ გულწრფელად და ნაღდი დარდით.
გიორგი ქინქლაძე გენიოსი იყო. არ მიყვარს ტალანტების დატოლება, მაგრამ დამოუკიდებლობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ნიჭიერი. მაშინ სიტის, აბა, რა გუნდი ეთქმოდა. მსოფლიოში თუ ვინმემ იცოდა მის შესახებ, დიდწილად თანაქალაქელი იუნაიტედის გამო - როცა მას ხვდებოდა, დერბი ერქვა და დერბი კიდევ წმინდა რამეა - ინგლისში ხომ საერთოდ - თუნდაც დავითი ხვდებოდეს გოლიათს. ახლა ბედის ბორბალი, არაბული ფული და გვარდიოლას ჭკუა ისე დატრიალდა, ლამის პირიქითაა საქმე, მაგრამ ეს სხვა სიმღერის მელოდიაა.
საკუთრივ მანჩესტერში ფანობა სულ ორად იყოფოდა, მაშინაც კი, როცა ფერგის კლასი სასწაულს სასწაულზე ახდენდა. და იმ მეორე, ლურჯ ნახევარს დღემდე ახსოვს - ქინქლაძე, როგორც კლუბის მთავარი ფეხბურთელი, გარდაუვალი ლეგენდა. ქინქი შედევრებს ქმნიდა. და თან სად? რენესანსის გზაზე შემდგარ პრემიერლიგაში. რა გუნდების და მწვრთნელების წინააღმდეგ?! კი, ქინქლაძე საფეხბურთო გენიოსია. ამ ნათქვამს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე რომ მეტი მონდომების, ნების და იღბლის შემთხვევაში აუცილებლად გახდებოდა მსოფლიო ვარსკვლავი. დანანებით მოჰყვება ხოლმე და მეც მითქვამს არაერთხელ. მაგრამ ახლა მგონია, რომ დაე, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა - ლეგენდარულობას ასეთი ულოგიკო ზიგ-ზაგიც უხდება. ქინქლაძეს ის ადრეული წლებიც იოლად ეყოფა და ჩემს დედულეთში, ტუნგოების ბირჟაზე შეკრებილი ნატანებლების ჩოჩქოლი: „გეიგეთ, რას შობა რობინზონას ბიჭი?!“. ნატანებში. ჩემს დედულეთში და გიოს მამულეთში“, - წერს გიორგი კეკელიძე.