Digest Logo

„ქალები არ დაიშვებიან, მხოლოდ კაცები ლოცულობენ“ - სკალდის მთავარანგელოზის სალოცავი გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

1785582519
სკალდის მთავარანგელოზი

„ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, ქვემო სვანეთის მოსახლეობა სკალდობას აღნიშნავს. ეს დღესასწაული ქვემო სვანეთში განსაკუთრებულად უყვართ და აღდგომიდან მეშვიდე კვირის თავზე, სულთმოფენობას აღნიშნავენ.

მთავარანგელოზის სალოცავში ქალები არ დაიშვებიან, აქ მხოლოდ მამაკაცები ლოცულობენ.

სკალდის უზარმაზარი მთის წვერზე არსებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია შუა საუკუნეებშია აგებული. მისი კედლები უძველეს ხატს იცავს, რომელზედაც მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელია გამოსახული, ხოლო მათ შორის – მაცხოვარი.

სვანებს სწამთ, რომ ხატს სასწაულმოქმედი ძალა აქვს და მას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მომლოცველების წინაშე მას მხოლოდ სკალდობის დღესასწაულზე გამოაბრძანებენ, შემდეგ კი ისევ ტაძარში აბრუნებენ.

სკალდის მთავარანგელოზის სალოცავის აშენებას მისი ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა სოფელ ფაყში ტაძრის აშენება გადაწყვიტეს, ერთ-ერთ მათგანს ხილვა ჰქონდა, კერძოდ, გამოეცხადა მაცხოვარი და რჩევა მისცა, უღელში გაუხედნავი მოზვრები შეება, მარხილზე მთავარაგელოზების ხატი დაესვენებინა და გაეშვა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც ცხოველები შეჩერდებოდნენ, სალოცავი აეგოთ.

დაღუპული პირუტყვი სწორედ იმ ადგილზე იპოვეს, სადაც ამჟამად სკალდის სალოცავია აგებული, ხოლო მის აგებაში ყველა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა: ფაყის მცხოვრებლებმა გაჭიმეს 7 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი მთიდან სოფლამდე, ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ საშენ მასალას და ასე ააგეს ეს უძველესი სალოცავი.

დაილოცოს კურთხეული სვანეთი და სრულიად საქართველო“, - წერს გიორგი ნიკოლავა.