თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა.
„კიდევ ერთი საზარელი ფემიციდი. სასტიკი, ყოფილი ცოლის მიმართ. არ პატიობენ ქალებს უარს, წასვლას, ადამიანობას არ პატიობენ. ქალს რომ ადამიანობა უნდა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა რომ უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ...
რა ვქნათ? რა ვქნათ და მინიმუმ გავიდეთ გარეთ. აქციები რატო არ არისო? არის, ბატონო, ხვალ, მე მივდივარ და სულ ვივლი, სადამდეც საჭირო იქნება და როცა სხვა არ დააორგანიზებს, მე თვითონ დავაორგანიზებ თანამოაზრეებთან ერთად და ეგრე...
კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა...“, - წერს ბაია პატარაია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობაა. უფლებადამცველები არაერთი წელია ითხოვენ კანონში ფემიციდის დეფინიციის ჩაწერას.
ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, რომ ქალზე და ოჯახში ძალადობაზე კანონს ფემიციდის განმარტება დაემატოს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵აეროპორტის გზაზე ავარიას „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან