Digest Logo

„ქართველმა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, არამედ პირდაპირ კავშირზე გავიდნენ მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიულ ელიტასთან“ - ზურაბ გურული

1678443626
ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი - ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსთაველზე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სტუდენტების შესახებ წერს.

🔵 „ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა! ვყიდულობ იარაღს და გელოდებით!“ - ლალი მოროშკინა

მისი თქმით, „ქართველმა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, არამედ პირდაპირ კავშირზე გავიდნენ მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიულ ელიტასთან“

„ძვირფასო ახალგაზრდებო,

მოხდა ისე, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებამ ბევრად გაუსწრო პოლიტიკური სპექტრის განვითარების პროცესს. მიზეზი არაერთია. „ქართულ ოცნებას“ თავისი შინაარსით არავითარი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან.

ეს არის პარაკრიმინალური მენტალიტეტის, უპრინციპო მედროვეებისა და უზნეო რენეგატების კლანური დაჯგუფება.

დღევანდელი ოპოზიცია კი წარმოადგენს პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიების ამორფულ კონგლომერატს, რომელთა ძირითადი ნაწილი თავის დამკვიდრებას არა „ოცნებასთან“ დაპირისპირებით, არამედ ისედაც უაღრესად მარგინალიზირებული ყოფილი მმართველი პარტიის კრიტიკითა და დამცირებით ცდილობს.

ოპოზიციამ საერთო ენა ვერ გამონახა ახალგაზრდულ სამოქალაქო სექტორთან და ვერ შესთავაზა მათ ვერაფერი საინტერესო.

გარკვეული გამონაკლისია „გირჩი“, მაგრამ ისიც მხოლოდ ვიწრო, სპეციფიკურ სექტორს მოიცავს.

შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი დარჩა მარტო და სწორედ ამ სექტორის თავდადებამ მოიტანა გუშინდელი სერიოზული პოლიტიკური გამარჯვება.

სწორედ ამიტომ ემიჯნებიან ახალგაზრდები პოლიტიკოსებს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი თავად გახდნენ პოლიტიკოსები. ის რაც ამ დღეებში პარლამენტის წინ ხდება, უსერიოზულესი პოლიტიკური პროცესია.

ქართველმა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, არამედ პირდაპირ კავშირზე გავიდნენ მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიულ ელიტასთან.

გავიხსენოთ საპარლამენტო კრიზისის პერიპეტიები, როდესაც ოპოზიციონერი პარლამენტარები ფანტასმაგორიულ სისულელეებს აფრქვევდნენ ე.წ. საპარლამენტო ტრიბუნის აუცილებლობაზე, ფეხქვეშ ეგებოდნენ მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს და ბრძნული გამომეტყველებით უხსნიდნენ საზოგადოებას, რომ თურმე უცხოელი კოლეგები მოითხოვენ მათგან კომპრომისს და ე.წ. საპარლამენტო მოღვაწეობის გაგრძელებას.

მოკლედ, ისინი ძალიან შეეცადნენ თავიანთი ანგარებიანი თუ გულუბრყვილო კონფორმიზმის კონსტრუქციულობად შეფუთვას, მაგრამ საზოგადოების გაცურება არც ისე იოლი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ მძლავრი პოლიტიკური კრიზისი.

რა ხდება დღეს?

მსოფლიოს დემოკრატიული ელიტა ერთმანეთს ასწრებს აჯანყებული ახალგაზრდების მხარდაჭერაში.

თურმე, თუ პროტესტი სამართლიანია და ამ სამართლიანობისათვის აჯანყდები და პოლიციას დაუპირისპირდები, მსოფლიოს დემოკრატიული სივრცე ამას მოგიწონებს და არ მოგთხოვს ფსევდო-კონსტრუქციულობას, კონფორმიზმს, მორჩილებას და არც ვანდალებად შეგრაცხავს.

პარადოქსია? არანაირად!

რატომ? იმიტომ, რომ როდესაც მთავრობა არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან, აჯანყება მოქალაქის უზენაეს და უწმინდეს მოვალეობას წარმოადგენს.

ამ აქსიომაზეა აგებული მსოფლიო დემოკრატიის იდეოლოგიაც, პრინციპებიც და ისტორიაც.

თითქოს შესანიშნავი გაკვეთილი უნდა იყოს პარლამენტში შეყუჟული გაბითურებული ოპოზიციისათვის, თუ როგორ აზროვნებს მსოფლიო პოლიტიკის ელიტა, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკანისაგან ისევ გაისმის კონფორმისტული მოწოდებები პროტესტის შეწყვეტაზე.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ პატივს არ სცემთ ქართველ პოლიტიკოსებს და ამის სრული და ლოგიკური უფლება გაქვთ. მაგრამ, ნუ განაცხადებთ, რომ პოლიტიკაში არ ერევით.

თქვენ უკვე ჩაერიეთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში და თქვენმა ძალისხმევამ უკვე აჩვენა მნიშვნელოვანი შედეგები.

თქვენ უკვე პოლიტიკოსები ხართ.

ახლა საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც გამოიხატება ვადამდელი არჩევნების ორგანიზებაში, რომლის შედეგებსაც დაითვლის მიუკერძოებელი საარჩევნო კომისია.

ნუ გაფლანგავთ მსოფლიოს დემოკრატიული პოლიტიკური სივრცის უზარმაზარ მხარდაჭერას. გაუკეთეთ კაპიტალიზაცია ასეთ სერიოზულ პოლიტიკურ მონაპოვარს.

გთხოვთ, გაიაზროთ, რომ გარემოებებმა თქვენ დაგაკისრათ გადამწყვეტი როლის შესრულება საქართველოს ლეტალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში.

თქვენი ბუნებრივი ნიჭით დიდებულად მოახერხეთ თანამედროვე პოლიტ-ტექნოლოგიების ბრწყინვალედ გამოყენება და თქვენი გულწრფელობით ახალი „ტრენდი“, მიმდინარეობა შექმენით.

არ გაჩერდეთ შუა გზაზე.

ითანამშრომლეთ ყველა გონიერ ადამიანთან; მათთან, ვისი არგუმენტებიც მოგწონთ და გაკმაყოფილებთ. მათთან, ვინც არ მოგიწოდებთ კონფორმიზმისაკენ და ვინც თავად არ ცდილობს თქვენი მოპოვებული წარმატების პირად კაპიტალიზაციას.

გახსოვდეთ, რომ ამას თქვენ აკეთებთ საკუთარი მომავლისათვის; იმათთვის, ვისაც თავად არ შეუძლია ბრძოლა. ეს თქვენი მოვალეობაა.

წარმატებებს გისურვებთ!“,- წერს ზურაბ გურული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ქვეყანა თავზე ჩამოგექცა და რა ვარდებში გაწოლილხარ“ - შორენა ბეგაშვილის ევროპულმა ვოიაჟმა საზოგადოება აღაშფოთა

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„არავინ გაბედოს პირადში მოწერა და შეურაცხყოფის მოყენება! გინება მეც შემიძლია და გინებაზე მეტი, თუ საჭირო გახდა !“ - რას წერს გივიკო დიდია