Digest Logo

„თუ ქალისგან ამდენს მოითხოვ, თავადაც უნდა წარმოადგენდე რაღაცას“ - გია მურღულიამ ქალის მომხიბვლელობის 10 ნიშანი დაასახელა

1755523380
ფილოლოგი

მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ქალის მომხიბვლელობის მთავარ ნიშნებზე საუბრობს.

მისი თქმით, ქალის ხიბლი მრავალგანზომილებიანია და მხოლოდ გარეგნობით არ განისაზღვრება.

მურღულიას ჩამონათვალში განსაკუთრებით გამოირჩევა: მზერა, ხმა, მოძრაობა, ინტელექტი, გემოვნება, თავდაჭერილობა, ღიმილი, იდუმალება, გაბედულება და იუმორის გრძნობა.

„მოდით, ცოტა ხნით ცხოვრებისეულ რუტინას თავი დავანებოთ და ერთი მარადიული კითხვა დავსვათ:
რა ქმნის ქალის მომხიბვლელობას?

ამ კითხვაზე ყველას შეიძლება თავისი აზრი, ხედვა და პასუხი ჰქონდეს.

ერთ ადამიანსაც კი „დაეზუსტება“ ხანდახან შეხედულება - რაღაცას შეცვლის, რაღაცას გადაასხვაფერებს.

ვფიქრობ, მომხიბვლელობის ათი ნიშანი თუ განზომილება შესაძლოა ასეთი იყოს:

1. მ ზ ე რ ა - ეს პირველი შთაბეჭდილება და რეაქციაა და ზოგჯერ ის მომნუსხველად მოიცავს ყველა სხვა ნიშანს. ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. მგონი, მზერიდან იბადება ერთი ნახვით შეყვარება.

2. ხ მ ა - ეს სულის მელოდიაა. ხმა იმას გადმოსცემს, რაც არ ჩანს, მაგრამ ვლინდება. შეიძლება ქალს ვერ ხედავდე, მაგრამ მხოლოდ მისმა ხმამ დაგატყვევოს. ეს მახასიათებელი გარეგნობის შემდეგ ადამიანის მეორე არსებითი სახებაა.

3. მ ო ძ რ ა ო ბ ა - სივრცეში გადაადგილების კულტურა სტილს ქმნის. მისი რიტმი, თავისუფლება, გრაციოზულობა განუმეორებელ შეგრძნებას ბადებს. ყოველი ნაბიჯი რაღაც მნიშვნელოვანს გამცნობს. ქალის სიარულიც კი შეიძლება შეგიყვარდეს.

4. ი ნ ტ ე ლ ე ქ ტ ი - ეს ნიშანი ბევრ რამეს მოიცავს: განათლებას, ინფორმირებულობას, გონიერებას, შეფასებას, ფიქრის გამოხატვის დახვეწილობას, ორიგინალურობას, ხედვის მრავალფეროვნებასა თუ რაკურსს. თუ ქალს არ შეუძლია საუბარს ადეკვატურად შეუერთდეს, მისი ხიბლის მთავარი სახე იკარგება.

5. გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა - ეს განზომილებაც რამდენიმე რაკურსს გულისხმობს: ზომიერებას, დელიკატურობას, ჰარმონიის აღქმასა და გამოხატვას, გამორჩევისა და შერჩევის ნიჭს, სილამაზის, მშვენიერებისა და ამაღლებულის გარჩევის უნარს. გემოვნება სულის სამკაულია.

6. თ ა ვ დ ა ჭ ე რ ი ლ ო ბ ა - მომხიბვლელი ქალი ყოველთვის ინარჩუნებს წონასწორობას რაციონალურსა და ემოციურს შორის. მისი ჟესტიკულაცია თავშეკავებულია, საუბარში არ იყენებს ზედმეტად მაღალ ტონალობას, მუდმივად შეუძლია სიმშვიდის დემონსტრირება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძნობათა გამოხატვა სრულად არ ხელეწიფება, მაგრამ გვერდით ყოფნის ნებისმიერ წამს თვალსაჩინოდ ჩანს მისი შესანიშნავი უნარი - ფლობდეს საკუთარ თავს.

7. ღ ი მ ი ლ ი - ეს ნიშანი ალბათ ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება განმარტებას და არსებითად მომდევნოს გამოხატულებაა. მაინც ვთქვათ - ღიმილი ასხივებს კეთილგანწყობას, სიყვარულს, პიროვნულობის „მშვენიერ სხვადქმნას“. ის ქალის სილამაზის ცალკე განზომილებაა - სრულიად შეუცვლელი და ჩაუნაცვლებელი.

8. ი დ უ მ ა ლ ე ბ ა - მომხიბვლელი ქალი არასდროს „იცი“ ბოლომდე. თუ მისი ფიქრის, მეტყველებისა და ქცევის წინასწარმეტყველება დიდწილად შეგიძლია, ეს პირველი ნაბიჯია ინტერესის დაკარგვისკენ. თუმცა ეს ბნელი იდუმალება (საშიშროების განცდას რომ ბადებს) კი არ არის, არამედ ნათელი იდუმალებაა (სრულფასოვანი სიხარულის მოლოდინით რომ დაგმუხტავს). მომხიბვლელი ქალი თავისი ღირსებებით თითქოს არასდროს იცვლება (რაც მის მიმართ ინტერესს ძალიან „დაცულს“ ხდის), მაგრამ ყოველდღე „ახალია“, განსხვავებულია ( სრულიად ფანტასტიკურია, მაგრამ ზოგჯერ - ათივე ნიშნითაც). ამ ნიშანს უნდა დავუკავშიროთ ქალის გამაოგნებელი ინტუიციაც.

9. გ ა ბ ე დ უ ლ ე ბ ა - ეს ნიშანი იმას გულისხმობს, რომ ქალი არ უნდა იყოს ზედმეტად მორცხვი, იმდენად გაუბედავი, რომ თავისი ემოციების გამოხატვის მუდმივად ეშინოდეს. გაბედულება უხდება მშვენიერებას. ქალი დარწმუნებული უნდა იყოს და მუდმივად სჯეროდეს, რომ ის, თავისი ნებისმიერი გამოვლინებით, განუმეორებელი ღირებულებაა. რა თქმა უნდა, გაბედულებას ზომიერება უნდა ახასიათებდეს. ამ ზომიერებას კი - მიზანსწრაფვა.

10. ი უ მ ო რ ი ს გ რ ძ ნ ო ბ ა - უხერხული ვითარება იქმნება, როდესაც ქალს არანაირი რეაქცია არ აქვს კარგ ხუმრობაზე, სასაცილო ისტორიაზე ან უბრალოდ ღიმილიან კომპლიმენტზე. ამ ნაკლის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ცხადია, კიდევ ბევრი სხვა რამ შეიძლება ითქვას (მომხიბვლელი ქალის სახება ამოუწურავი თემაა), მაგრამ დღეს ამით შემოვიფარგლოთ - ხვალისა კი ხვალემ იფიქროს.

და ბოლოს:

თუ გონებასა და გულში იდეალი გეძალება და ქალისგან ამდენ რამეს ითხოვ, თავადაც უნდა წარმოადგენდე რაღაცას, რომ მანაც მოინდომოს და მოახერხოს შენი შეფასება.

ვინც ამას ვერ შეძლებს, უიღბლო თეორეტიკოსად დარჩება, რომლის ოცნება არასდროს ახდება“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეუდარებელი ხარ“ - ნინი ბადურაშვილის მოგზაურობა ესპანეთში გრძელდება

⭕როგორი იყო ივლისი ანა შელიასთვის?! - მოდელი მოგზაურობიდან შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჰელიკობაქტერია უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოა, თუმცა შეიძლება კიბოს გამომწვევი გახდეს“ - კოტე თოდუა