ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანებს განვითარებას სთხოვენ.
მართებულადაც სთხოვენ - ვინ არის ის, ვინც არ ცდილობს, ყოველ მომდევნო დღეს უკეთესი იყოს და მაინც საინტერესო ადამიანად რჩება?
უცვლელი ერთფეროვნება მოსაწყენია და კაცის შეფასებაზე ძლიერად მოქმედებს.
თუმცა არის ისეთი რაღაცები, რომლებსაც „ახალი აზროვნება“ და „განახლება“ მაინცდამაინც არ უხდება.
ეს ფასეულობათა მიმართ განწყობას ეხება.
რას იტყვი ხვალ ახალს ღალატზე? - გუშინდელისგან განსხვავებით მოიწონებ? განაცხადებ, რომ მას „ჰუმანურად“ უნდა მოეპყრო და მოღალატეს, როგორც საზოგადოების ღირსეულ წევრს, უნდა შეურიგდე?
ეს იქნება „განვითარება“ და „ახალი აზროვნება“?
რას იტყვი უვიცობასა და გაუნათლებლობაზე?
რას იტყვი უპასუხისმგებლობაზე?
რას იტყვი აბსოლუტურ უზნებაზე?
განა ინტელექტუალური და სულიერი „განვითარებაა“ (ამ ყველაფრის მიუხედავად) პოზიციის შეცვლა „სიახლის“ ძიების სახელით?
ზოგი რამ იცვლება (ეს კარგია) და ზოგი რამ არ იცვლება (ესეც კარგია).
ის, რაც სიკეთეს ბადებს, ღვთაებრივი და მარადიულია - მას ჩვეულებრივად გაგებული „განვითარება“ არ სჭირდება.
ამგვარ „განვითარებას“ ადამიანის ზნეობრივი დეგრადაცია მოსდევს - როცა მთავარი პრინციპები ირღვევა თუ „ახლდება“, კაცთა ცხოვრებას საყრდენი ეცლება.
აზრის განახლებას მაშინ აქვს კარგი სახე, როდესაც ადამიანს უკეთესს ხდის.
რაც კაცის ნამდვილ ბუნებას „ასხვაფერებს“, დანიშნულებასა და საზრისს უკარგავს, არ შეიძლება პროგრესს უკავშირდებოდეს და „განვითარებად“ მოინათლოს.
არსებობს განწყობები და დამოკიდებულებები, რომლებიც არ უნდა შეიცვალოს და „ძველ აზრზე“ იდგეს.
ამას ამბობს მურმან ლებანიძის ერთი ლექსი (1983):
„შენ ჩემგან ახალს ნუ ელი აზრებს,
გამოცდილება საფუძველს მაძლევს:
სუყველაფერზე, რაც არის ირგვლივ
(ჯერ არ შემცვლია,
არც შეცვლას ველი!),
ასიათასჯერ შემოწმებული
და სამწუხარო აზრი მაქვს ძველი!“
1. აქ ნახსენები „გამოცდილება“ პიროვნულია;
2. „რაც არის ირგვლივ“ უპრინციპო და შემგუებლური ცხოვრების წესს გამოხატავს;
3. „ასიათასჯერ შემოწმებული“ კაცობრიობის გამოცდილებას მიანიშნებს;
4. „სამწუხარო აზრი“ ხსენებული უპრინციპობისა და შემგუებლობის მიმართ წესიერი კაცის დამოკიდებულებას ასახავს;
5. „ძველი“ კი უცვლელია - ყალბ „განვითარებას“ რომ არ ცნობს.
არსებობს იდეები და ქცევები, რომლებიც არ ძველდება და კაცობრიობის მთელ ცხოვრებას მსჭვალავს.
მათი „განახლება“ ადამიანის ღვთაებრივ წარმომავლობაზე უარის თქმას ნიშნავს.
ამგვარი „ხედვა“ შეიძლება ვინმეს არჩევანი თუ მიზანი იყოს, მაგრამ ის „ვინმე“ (ძალიანაც რომ განახლდეს და „მოდერნიზდეს“) სიყვარულთან და ღირსებასთან ერთად ვერ იმგზავრებს“, - წერს გია მურღულია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
⭕„დღე კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - 27 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი