Digest Logo

🎥 რატომ არის დედა მთავარი მშობელი შვილისთვის? - „ყველა მოძალადე თავად არის მსხვერპლი“: ქეთევან ჯანდიერის ფსიქოანალიზი

1785335698
ქეთევან ჯანდიერი

ლიკა ყაზბეგის საავტორო პოდკასტს ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი და იურიდიული განათლების მქონე სპეციალისტი ქეთევან ჯანდიერი სტუმრობდა. გადაცემაში მან საკუთარ რთულ, მაგრამ საინტერესო პროფესიულ გზაზე, კრიმინოლოგიით დაინტერესებასა და იმ ფსიქოლოგიურ თუ ეზოტერიკულ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ადამიანში მოძალადისა და ნარცისის ფორმირებას განაპირობებს.

- ქეთა, საკმაოდ საინტერესო პროფესიული გზა გაქვს გავლილი. რატომ აირჩიე თავიდან სისხლის სამართალი და რამ განაპირობა მერე სფეროს შეცვლა?

ქეთევან ჯანდიერი: მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. სტუდენტობა აკადემიური ცოდნითა და პრაქტიკით იყო დატვირთული. მეორე სპეციალობა სწორედ ფსიქოლოგია გახლდათ. თავიდან მიზანი ის იყო, რომ ჩემი სადოქტორო თეზისი მრავალპროფილური ყოფილიყო. ამ სფეროში რომ ფეხი შემედგა, ჩემმა „შერლოკ ჰოლმსის ჩიბუხმა“ და ინტუიციამ გადაწყვიტა. არც იურისტების ოჯახიდან ვყოფილვარ და არც გავლენიანი პატრონი მყოლია, ყველაფერს ბრძოლით მივაღწიე. თუმცა, დგება ეტაპი, როცა იღლები იმით, რომ პრაქტიკა არ ემთხვევა შენს წარმოდგენებს, ხოლო მარტივი სასამართლო ქეისები ჩემთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბავშვობაში 15-ჯერ მაინც მქონდა წაკითხული „შერლოკ ჰოლმსი“ და გამომძიებლობა მინდოდა.

- გერმანიასთან რა კავშირი გქონდა და როგორ მოხვდი გერმანიის პარლამენტში?

ქეთევან ჯანდიერი: 19 წლიდან Social Democratic Party-ში ვმუშაობდი, იოჰანეს კარსი იყო ჩემი ჰედ-ლიდერი. SEU უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი გვყავდა, რომელმაც ინგლისურ ენაზე ლექციებისას შემამჩნია. ლექციაზე დისკრიმინაციის თემას განვიხილავდით და ჩემი პროტესტი ოდნავ იუმორით გამოვხატე. მან მითხრა: „წამოდი ჯანსაღ ქვეყანაში, მე გაგიწევ პროტეჟირებას, რომ CV უფრო მდიდარი გახდესო“. დეკემბერში ოფიციალური მიწვევა გამომიგზავნეს გერმანიის პარლამენტში. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტებით მივდიოდი და ჩამოვდიოდი ბერლინში.

- რატომ აირჩიე დამნაშავის ფსიქოლოგიის შესწავლა? რატომ მაინცდამაინც დამნაშავე და არა წარმატებული ადამიანი?

ქეთევან ჯანდიერი: ბავშვობიდან მაინტერესებდა ნუმეროლოგია, ფსიქოტიპები და პროტოტიპები. რამდენიმე სერიული მკვლელი ავარჩიე, შევისწავლე მათ დაბადების თარიღები - მაინტერესებდა, რა მიდრეკილებები ჩანდა ასტროლოგიურად თუ ნუმეროლოგიურად. სქემები რომ შევადგინე, მსგავსება ძალიან ბევრი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დამნაშავე: ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, რა მოტივით ჩადის ყველაზე უბედური და სასტიკი ადამიანი იმას, რასაც ჩადის. წარმატებული რომ ხარ და კარგი გარემოება გაქვს, ეს ჩემთვის ძალიან მარტივია.

- როცა დამნაშავის ფსიქოლოგიას სწავლობდი, მიაგენი შენთვის საინტერესო პასუხებს?

ქეთევან ჯანდიერი: კი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი იყო სერიული მკვლელი ზუკო. ყოველთვის, როცა ვკითხულობთ, თუ რა მოტივით შეიძლება გახდეს ადამიანი ასე სასტიკი, საბოლოოდ პრობლემა მიდის დედამდე და მამამდე. ეს არ ნიშნავს, რომ მამებს პასუხისმგებლობისგან ვათავისუფლებ, მაგრამ დედის ორგანიზმში იქმნება პლაცენტა, სადაც ხდება კოლექტიური ცნობიერისა და დედის პროგრამების გადაცემა ბავშვზე. დედა არის სამყარო, ენა, რომლითაც სწავლობ, როგორ დაიცვა თავი. ზუკოს შემთხვევაში დედა იყო „მონსტრი“, რომელმაც შექმნა შვილი-მონსტრი.

- საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულმა უმძიმესმა ისტორიებმა ყველანი შეძრა. როგორ მოქმედებს საგვარეულო პროგრამა, როცა წინაპარი ან ოჯახის წევრი მსგავს საშინელებას ჩადის?

ქეთევან ჯანდიერი: ჩემს იურიდიულ პრაქტიკაშიც ყოფილა პედოფილიის უმძიმესი შემთხვევები. ბავშვი ხშირად ფიქრობს, რომ თუ ვინმე რაღაცას უბედავს, ეს მისი დანაშაულია და მშობელს არ ეუბნება. ნებისმიერი პრობლემის საწყისი მაინც მშობლიდან მოდის - სწორი სექსუალური განათლება და ბავშვის ფსიქიკის დაცვა ადრეული ასაკიდანვე აუცილებელია.

რაც შეეხება საგვარეულო პროგრამას - სისხლით ნათესაობა შვიდ თაობამდე გადადის, ხოლო სულიერი/ნათელმირონობა - ცხრა თაობაზე. ინცესტი და მსგავსი მძიმე დანაშაული იწვევს კონკრეტულ წყევლებსა და საგვარეულო პროგრამების დამძიმებას, სადაც ადამიანი საკუთარ სულს თავად წირავს.

- გადავიდეთ ნარცისიზმზე, რატომ არიან, როგორც წესი, მამაკაცები უფრო მეტად ნარცისები?

ქეთევან ჯანდიერი: ნარცისი მამაკაცი ხშირად არის დედის გატუტუცებული ბავშვი, რომელსაც პატარაობიდანვე ესმოდა: „რა კარგი ხარ, ვარსკვლავი ბიჭუნა ხარ, საუკეთესო გეკუთვნის“, მაშინ როდესაც რეალურად სულ სხვა მოცემულობა იყო.

თუმცა, ჯანსაღი თვითკრიტიკულობა აუცილებელია. ჯანსაღი ნარცისული შტრიხები ყველას გვჭირდება, რომ საკუთარი ფასი ვიცოდეთ, თუმცა ეს არ უნდა იყოს გაბერილი და არაობიექტური. როცა შენი მთავარი იმპულსი მადლიერებაა, ნარცისად ვერ ჩამოყალიბდები.