Digest Logo

„რატომ დუმდით, როცა თბილისი იწვოდა?“ - ჟურნალისტი გურანდა ბილიკაძე საფრანგეთში მომხდარით აღშფოთებულ რადიკალებს მიმართავს

1792403086
ჟურნალისტიჟურნალისტი

ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე სოციალურ ქსელში საფრანგეთში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტების მიმართ ქართველი რადიკალების რეაქციას ეხმაურება და პარალელს ავლებს საქართველოში, კერძოდ, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან.

ბილიკაძე პოსტში შეკითხვით მიმართავს ადრესატებს და კითხულობს, რატომ არ გამოხატავდნენ იგივე ადამიანები პროტესტს და რატომ არ გმობდნენ ძალადობას მაშინ, როდესაც თბილისში ქუჩებში ხანძრები იყო, ზიანდებოდა ავტომობილები და სხვადასხვა ობიექტი, ხოლო პარლამენტის შენობის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ.

მისი განცხადებით, მაშინ როდესაც 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს რადიკალებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობის ოთახებს, დაწვეს ქუჩაში არსებული ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ოფისებიდან გამოტანილი ტექნიკა და ავეჯი ამ მოვლენების დროს მას და მის კოლეგებს მუშაობა შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე უწევდათ.

„ახლა რომ გამოდიხართ ზოგიერთი თქვენგანი Facebook-პოსტებით და ხბოს აღტაცებით წერთ საფრანგეთში მომხდარ საშინელ ძალადობასა და ვანდალიზმზე, ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველზე და არა მხოლოდ იქ-მათ შორის, 4 ოქტომბერს ორბელიანზე-ქუჩები იწვოდა?

იწვოდა მანქანები, ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ პარლამენტის შენობის მიმართულებით და ცეცხლი წაუკიდეს შენობის ოთახებს.

იგივე წარმატებით ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელებს. გადაწვეს ქუჩაში არსებული ნაგვის ბუნკერები, პარკებიდან აიღეს სკამები და მათაც ცეცხლი წაუკიდეს.

ქაშუეთის მიმდებარედ ოფისები გატეხეს, გამოიტანეს ტექნიკა, კომპიუტერები, პრინტერები, სკამები და მაგიდები და ყველაფერი შუა რუსთაველზე დაწვეს. უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა.

ფეხით სავალ გზებზე დაგებული ფილებიც კი აყარეს და პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ-პიროტექნიკასთან და მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად.

ამ ყველაფრის ფონზე მე და ჩემს კოლეგებს მუშაობა გვიწევდა ენით აღუწერელი შეურაცხყოფის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის პირობებში.

და კიდევ უამრავი რამ მოხდა, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი - არც მინდა, ეს ტექსტი უსასრულოდ გაგრძელდეს.

ახლა კი მთავარი კითხვა:

მაშინ სად იყავით?

რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს?

რატომ არ წერდით იმ ძალადობაზე, რომელიც თქვენს თვალწინ ხდებოდა?

უმეტესობამ რატომ აირჩიეთ დუმილი და, უფრო მეტიც, რატომ აღმოჩნდით ბოროტების მხარეს?

თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები თქვენთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“?

ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს.

ვანდალიზმი ვანდალიზმია იქნება ის პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. დემოკრატია კი ვერასოდეს იქნება გამართლება ძალადობის, სხვისი ქონების განადგურებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიისთვის.

ამიტომ, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია!“,- წერს გურანდა ბილიხოძე სოცქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების უახლესი სურათი ასეთია:

17 ოქტომბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქალაქ ლიმოჟში ხანძარმა XIX საუკუნის ისტორიული მერია დააზიანა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა მაღაზიების ძარცვა, ავტომობილების დაწვა და საზოგადოებრივი შენობების დაზიანება. დაზიანდა მაღაზიები და საზოგადოებრივი შენობები, გაჩნდა ხანძრები, პოლიციამ კი ათასობით ადამიანი დააკავა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები და ვანდალიზმის ჩამდენი პირები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნონ. 

Reuters-ისა და ABC News-ის ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში საფრანგეთში დაახლოებით 2 400 ადამიანი დააკავეს. შეტაკებების დროს თითქმის 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

✕