„როცა ძაღლები ძილში კანკალებენ, მაშინ ესიზმრებათ, რომ ადამიანები არიან და ეს არის მათი ღამის კოშმარი,“ - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
მწერლის თქმით, ძაღლები ვერ ხვდებიან, რა არის ღალატი, სიცრუე, ორგულობა, უმადურობა, სიყალბე თუ შური, და სწორედ ამიტომ არის ადამიანად ყოფნა მათთვის ყველაზე დიდი შიში.
მწერალი ხაზს უსვამს იმ განსხვავებას, რაც ადამიანისა და ძაღლის სიყვარულს შორის არსებობს:
„როცა ძაღლები ძილში კანკალებენ,
მაშინ ესიზმრებათ,
რომ ადამიანები არიან
და ეს არის მათი ღამის კოშმარი.
რადგან ძაღლები ვერ ხვდებიან რა არის ღალატი,
რა არის სიცრუე,
რა არის ორგულობა,
უმადურობა რა არის,
რა არის სიყალბე,
რა არის შური
და ძაღლები შიშით კანკალებენ.
ეს არის მათი ღამის კოშმარი.
ძაღლებმა იციან, რომ მათი სიყვარული ყოველთვის ცალმხრივია,
რადგან სიყვარული, რომლითაც უყვართ,
ადამიანს არ გამოუცდია და ვერც გამოცდის,
რადგან როცა ადამიანს ცალმხრივად უყვარს - იტანჯება,
ძაღლი კი - არა.
ძაღლებს სხვანაირად სტკივათ.
როცა ტკივილს ყავარჯნად სიტყვები არ აქვს,
ტკივილზე მეტია.
როცა მე და ჩემი ძაღლი ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ,
მახსენდება,
რომ რაღაც უცნაური უსამართლობით,
შეიძლება, მასზე დიდხანს ვიცოცხლო.
წარმოვიდგენ;
წევს და სადღაც შორს იყურება,
თითქოს რცხვენია, რომ ვერ დგება და დრუნჩს ვერ მადებს,
თითქოს თვალს მარიდებს
და ბოდიშს მიხდის.
ოდნავ გააქანებს კუდს,
რომ სიხარული ითამაშოს,
სულ ოდნავ და
ხვდება,
რომ არ გამოსდის.
ეს არის და მერე მე
ფიქრებში სიკვდილს აღარ ვაცლი,
რადგან არის ფიქრები, რომლის გაძლებასაც ვერავინ გაიძულებს -
თუნდაც შუაღამე იყოს,
გავდივარ, ვაღვიძებ და ვეხუტები.
თითქოს ეს გაღვიძება
დროს ყინავდეს
და სიმართლე არ იყოს ჩემი წარმოდგენა,
ჩემი სასტიკი წარმოდგენა,
ჩემი უსასოო წარმოდგენა.
მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს,
დამშეულ ძაღლებს,
იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს.
,,გაწუწკდა და მოსაკლავია" - ამბობდა ადამიანი,
გამოჰქონდა თოფი და უმიზნებდა.
ძაღლი უყურებდა პატრონს
და პატრონი უმიზნებდა.
ბებიაჩემი ყურებზე ხელებს მაფარებდა, მაგრამ
თითების ღრიჭოებში მაინც აღწევდა გაკვირვებული წკმუტუნი.
და კლავდა ძაღლს ადამიანი,
ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე,
კლავდა სიწუწკისთვის,
მერე მარხავდა
და თოფს წმენდდა
ბინძური მზერით.
იმ ცხოვრებაში, ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს
და
იმ სამყაროში რადგან ყველაფერი უკუღმაა,
უკუღმაა ანდაზებიც
და იმ სამყაროში
,,პატრონი ძაღლს ვერ ცნობს",
რადგან ძაღლი იქნება თეთრი ფრთებით და ძაღლს ლაპარაკი ეცოდინება
და ძაღლს პატრონი ეყვარება,
ძაღლს თავში ტყვიით და ზურგზე ფრთებით.
საკუთარი მკვლელი ეყვარება,
რადგან ხომ გითხარით,
ძაღლს რომ უყვარს,
ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია
და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია.
ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი
და ძაღლი - ძაღლი“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს არის პირდაპირ ტრაგედია“ - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე