ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„რუსთველის სიტყვები არასდროს არის ზედმეტი - არც ქვეყნისთვის, არც ადამიანისთვის, არც დროისთვის და არც ზედროისთვის.
ერთი სტროფი გავიხსენოთ:
ავთანდილმა ფატმანისგან სამიჯნურო წერილი მიიღო.
ჯერ ძალიან გაბრაზდა:
„უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
შემდეგ იფიქრა, ჩემი შემწე სხვა არავინ არის და სჯობს ამ ქალის სურვილს დავყვე - იქნებ რამე იცოდეს ნესტანის
შესახებ და თუ მისი მიჯნური ვიქნები, არ დამიმალავსო.
და შემდეგ მოდის ის სტროფი:
„კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“
ჯერ მუსიკას მოუსმინეთ, ამის მომდევნოდ - სიბრძნეს, ბოლოს კი - დუმილს, რომელიც რჩება წაკითხვისა თუ წარმოთქმის შემდეგ.
ამას ვერაფერს ვარქმევ, თუ არა „უსაშველო მშვენიერებას“.
რამდენი ასეთი სტროფია „ვეფხისტყაოსანში“?!
რა ძალამ, რა გონებამ, რა ემოციამ, რა ესთეტიკამ დაბადა ისინი?
რა ადვილად წასაკითხია, არა?
„მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”
დასაწერად ძალიან ძნელია - სრულყოფილება ჯერ უნდა იგრძნო, შემდეგ დაინახო, მერე გაიაზრო და ბოლოს ახალი სახით გამოხატო.
რუსთველი ამას ყოველ წამს აკეთებს.
ან - თითქმის ყოველ წამს.
ქართულ ენაზე აკეთებს.
ქართულად აკეთებს - ლაღი და მომღიმარი სიბრძნით.
კარგი მკითხველისთვის (და - უბრალოდ გონიერი ქართველისთვის) ხვალ ახალი სტროფის დროა - მეტი არაფერი.
ამ „მეტ არაფერს" კი მთელი ცხოვრება მოსდევს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკო ფანგანი იუბილარია - ტელეწამყვანი 43 წლის გახდა
⭕„ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია“ - შეურიგდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას?
⭕„არ გირჩევთ: კონფლიქტის გამწვავებას და რისკიან ფინანსურ ნაბიჯებს“ - 22 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი