ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„სად მიდიან ის ბავშვები, ჩვენ რომ ვიყავით?
საერთოდ, ვინ არის „ბავშვი“?
ის ცის მძებნელი და დამნახველია.
ზღაპარი მისთვის რეალობაზე მეტია, იმიტომ რომ მის სულში იდეალურ, სრულყოფილ ოცნებად ცოცხლობს.
ის სუფთაა, წმინდაა, მასში არ არის თვალთმაქცობა და ტყუილი.
ის სამოთხის შვილია.
აი, ამონარიდი ლუკას სახარებიდან:
„მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ. მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში“. (ლუკა, 18 - 15-17)
უფროსები მუდამ თავიანთ პრობლემებსა და სარგებელზე ფიქრობენ. მათ ძნელად ხელეწიფებათ ბავშვის გახარება წუთისოფლის საზრუნავებით უხვად დახუნძლულ სულებში.
გაიზარდე და შენი არსებიდან ბავშვი გაგექცა? ან იქნებ უარესი გააკეთე - ის ბავშვი უარყავი და დაამარცხე?
ხომ არ მოკალი კიდეც - მისგან სამუდამოდ "გასათავისუფლებლად"?
ვინ ხარ შენ, ადამიანო, უბავშვოდ სულში? უშენოდ სამოთხე არსებობს, უბავშვოდ - არა.
ერთ მშვენიერ დღეს ცას შეხედავს ოთარ ჭილაძე და ასეთ ლექსს დაწერს:
".. და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან
და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე,
რადგან არ უნდა, არ სურს, რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის
მე შენ გგულისხმობ... საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის!"
აი, თურმე რა მოხდა:
შენი ბავშვურობა დავიწყებისთვის, „სიბნელისთვი“ გაიწირა („და სიბნელიდან გამოდის ბავშვი“). მას „ბევრი სინათლე (ანუ ღვთაებრივი სიწმინდე და სიმარტივე) სურდა“ და ერთხელ ქარში (მიწიერ მი და მო ხეტიალში) იპოვა "დიდი მსგავსება საკუთარ სულთან“ - ცა აღმოაჩინა პიროვნულ „მე“-ში.
მერე?
მერე ის, რომ „ბოლოს მაინც შენთან მოვიდა“ანუ გაიზარდა და „უფროსი გახდა - უამრავი პირობითობით, თვალთმაქცობითა და „მიზანშეწონილობით“ სავსე.
ამან ის მიწას მიაჯაჭვა ტანჯული ამირანივით "და ცას უყურებს უკვე შორიდან და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე".
სულის საფლავში ბავშვს რომ დამარხავ, ცა რატომღა გაგიხსენებს?
შენ თუ შენს სულში ბავშვს დაამარცხებ, ის მომავალს წაგართმევს - ამსოფლურსაც და იმსოფლურსაც.
ნუთუ ამად გიღირს წამშეუყოვნებელი ეგოიზმი - "საიდან მოდის ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის"?
ერთ ლექსში მეტის ჩამტევი ძნელად მოიძებნება. ეს არის ოთარ ჭილაძე.
არ დამარცხდე შენ თავთან!
არ დაემშვიდობო ბავშვს, რომელიც ერთგულებასა და ზრუნვას გთხოვს.
არ გააწბილო ცის კეთილგანწყობა.
მაშინ ის ბავშვი ხელს ჩაგკიდებს და დიდი გზისკენ ისე წაგიყვანს, ვერც კი გაიხსენებ, თუ ოდესმე წუთისოფლური მოგზაურობის გეშინოდა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 იანვარს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით