Digest Logo

„საქართველოს გამარჯვება მხოლოდ ერთსულოვნების გზაზე დადის...ეს გზა ისევ მოსაძებნი გვაქვს“ - გია მურღულია

1701668463
გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი, დამსახურებული პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორ დაიბადა სიტყვა „ერთსულოვნება“? მისი წარმოქმნის ლოგიკას გაგვიადვილებს ორი ციტატის გახსენება:

1. ამ ფრაზას ხან არისტოტელეს მიაწერენ, ხანაც დიოგენეს: "მეგობრობა - ეს ერთი სულია ორ სხეულში";

2. გიორგი მერჩულე ამბობს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" - მოდიოდა ოთხი ახალგაზრდა კაცი (გრიგოლი, საბა, ქრისტეფორე და თეოდორე) თბილისიდან ტაო-კლარჯეთისკენ და "ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული".

ნებაყოფლობით გაზიარებული მიზანი აერთიანებს ადამიანებს - ერთსულოვნება, პირველყოვლისა, იდეის მატერიალურ გარსში განფენას გულისხმობს.

ის გამოიხატება ფიქრითაც, სიტყვითაც და მოქმედებითაც.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთსულოვნებას მეგობრობაში, კორპორაციაში, მაგრამ საგანგებოდ აქტუალურია ის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში - ვერაფერი დაამარცხებს ერს, თუ ის ერთსულოვანია.

ასეთი ერთობის მიღწევა უნდა იყოს პოლიტიკოსის, მოღვაწის, კულტურის შემქმნელის და, უწინარეს ყოვლისა, მასწავლებლის ფიქრისა და გარჯის საგანი.

ამას მიანიშნებდა ჩვენი ყველა დიდი მოაზროვნე: იოანე საბანისძე, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი ათონელი, შოთა რუსთველი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე...

ერთსულოვნება ერთსახოვნება და განსხვავებული აზრის უარყოფა როდია!

ეს სიტყვა იმას გამოხატავს, რომ შესაძლოა ძალიანაც განსხვავებული ადამიანები ერთ მიზანს ისახავენ და საკუთარ ძალებს მის მისაღწევად აერთიანებენ, ანუ სოციალურ სინერგიად გარდაქმნიან.

ასეთი სინერგიით ყველა იგებს და არავინ მარცხდება.

საქართველოს გამარჯვება მხოლოდ ერთსულოვნების გზაზე დადის, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ზნეობითა და სიმართლით სავსე ერთობა უნდა იყოს და არა უკადრისი მიზნებით გაერთიანებულთა საკრებულო.

თანაც, ამდენი საუკუნის გასვლის შემდეგ, ეს გზა ისევ მოსაძებნი გვაქვს.

ქართველო, ეცადე - შეეწიო ერთსულოვნებას!

ვერც დღეს და ვერც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებ“,- წერს მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოფილს მოგცემ მე შენ...“ - ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას

🎥 „ძლიერ ემოციური ამბავი... დამადუმა“ - გიორგი ჭოხონელიძემ მეუღლეს სცენაზე უმღერა

🔵 „დამამშვიდებელი წამლებით ვაძინებთ, რომ ნერვიულობაზე გული არ გაუსკდეს. სირცხვილი თქვენ, რომ ჩემს გვერდით არ ხართ“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი