საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი იუბილარია.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს სამეფო სახლი ავრცელებს:
„საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს,
მ.ს.უ. ტახტის მემკვიდრე უფლისწულ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ვულოცავთ დაბადების დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობასა და სამეფო სახლის მეთაურობაზე ბაგრატიონთა დინასტიის ორ ძირითად შტოს შორის ისტორიული დავა არსებობს, რის გამოც ტიტულს ერთდროულად ორი პირი იჩემებს:
უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი – წარმოადგენს ბაგრატიონთა მუხრანელთა (მუხრანბატონების) შტოს. იგი ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის უფროსი ვაჟია და მამის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლიდან, აცხადებს თავს საქართველოს სამეფო სახლის სუვერენულ მეთაურად.
უფლისწული ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი – წარმოადგენს გრუზინსკების (კახეთის ბაგრატიონთა) შტოს, რომელიც ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფეების (ერეკლე II, გიორგი XII) პირდაპირი ხაზია მამრობითი შტოით. მისი მხარდამჭერები მას მიიჩნევენ სამეფო სახლის კანონიერ მეთაურად. ამავე შტოში, ბოლო პერიოდში მის სამართალმემკვიდრედ მისი უფროსი ქალიშვილი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიც მოიხსენიება.
ორი შტოს გაერთიანებისა და დავის დასრულების მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 2009 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს.
მათი ქორწინებიდან 2011 წელს დაიბადა უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბაგრატიონთა ორივე მოდავე შტოს სისხლსა და გენეალოგიას, რის გამოც მონარქისტული წრეების მიერ იგი მიჩნეულია საქართველოს სამეფო ტახტის მომავალ, უალტერნატივო მემკვიდრედ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მატილდა გვარლიანმა პარაშუტით იფრინა - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი