პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის შესახებ მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს.
როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნულ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ტვინის ფუნქციონირების რთული ცვლილებები, მათ შორის ნეირომედიატორული სისტემების, სტრესზე რეაგირებისა და ემოციების რეგულაციის დარღვევები:
„დეპრესია სიზარმაცე არ არის, შფოთვა კი სისუსტე!
„თავი ხელში აიყვანე“, „რა გაქვს სანერვიულო?“, „ადექი და რამე გააკეთე“, „ყველაფერი შენს ხელშია“ - რამდენჯერ გვსმენია ეს ფრაზები ადამიანების მიმართ, რომლებიც დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან?!
საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს იმის გაცნობიერება, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა რეალური სამედიცინო მდგომარეობებია და არა სიზარმაცე, უნებისყოფობა, უხასიათობა ან ხასიათის სისუსტე.
ამ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ტვინის ფუნქციონირების რთული ცვლილებები, მათ შორის ნეირომედიატორული სისტემების, სტრესზე რეაგირებისა და ემოციების რეგულაციის დარღვევები.
მათ განვითარებაში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები მონაწილეობს.
ადამიანს შეიძლება უნდოდეს მუშაობა, ურთიერთობა, სიცილი, სიცოცხლით ტკბობა, მაგრამ დაავადება ართმევდეს ენერგიას, მოტივაციასა და სიხარულის განცდის უნარს.
და ყველაზე მტკივნეული იცით, რა არის? როდესაც ამ უხილავ ბრძოლას გარშემომყოფები სიზარმაცედ და უუნარობად აფასებენ.
დეპრესიით დაავადებულ ადამიანს არ სჭირდება შეგონება, მას სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და მკურნალობა.
ნუ განსჯით ადამიანს იმ ტკივილის გამო, რომელსაც ვერ ხედავთ!
ფიზიკური ტკივილი რომ უხილავია, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. იგივე ეხება სულიერ ტკივილსაც.
მეტი თანაგრძნობა და ნაკლები განსჯა, ზოგჯერ სწორედ აქედან იწყება გამოჯანმრთელების გზა…
დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან სულიერი მდგომარეობა ითხოვს მკურნალობის დროულ დაწყებას და კიდევ, ფსიქიატრი გიჟების ექიმი არ არის, ის თქვენი სულის მხსნელია“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მთვარე თევზებში გადადის - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 21-23 ოქტომბერს
🎥 როგორ ემზადებოდნენ ოჯახის წევრები ტასო ხიზანიშვილის ხელის თხოვნისთვის – ნახეთ, კადრები