Digest Logo

შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი - გიორგი ფხაკაძე წამალზე წერს, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

1747371273
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი შაკიკის შესახებ საუბრობს და სტატუსში წამალს ასახელებს, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს:

„შაკიკი მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის — ეს არის რთული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილის გარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა, ტვინის დაბინდვა, კისრის ტკივილი და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება.

ახალი კვლევის შედეგები:

ახალ კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური პრეპარატი უბროგეპანტი (Ubrogepant, ბრენდული სახელწოდება Ubrelvy) შეიძლება არამარტო ტკივილის შემსუბუქებისთვის იყოს ეფექტური, არამედ შაკიკის პროდრომალური ეტაპზეც — ანუ იმ სიმპტომებზე, რომლებიც ტკივილის დაწყებამდე ვლინდება (ტვინის დაბინდვა, გულისრევა, კისრის ტკივილი, სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობა).

• პროდრომალური ეტაპზე პრეპარატის მიღების შემდეგ, ტვინის დაბინდვა ერთ საათში მკვეთრად იკლებს.
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა – ორ საათში უმჯობესდება.
• კისრის ტკივილი – სამ საათში იკლებს.
• 24 საათში უფრო ნაკლებია თავბრუსხვევა და ხმაზე მგრძნობელობა.

რას ამბობს მეცნიერება:

ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ შაკიკი ძირითადად სისხლძარღვების ცვლილებებით იყო გამოწვეული. ახლა კი უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რომ ეს ტვინის პირველადი დისფუნქციაა და სწორედ ამ ფაზაზე მოქმედება შესაძლოა იყოს ეფექტური პრევენციის გზა.

უბროგეპანტი მიეკუთვნება CGRP-რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს — ანუ უშუალოდ აჩერებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებსაც ტვინი იყენებს შაკიკის დასაწყებად.

ვის შეიძლება დაეხმაროს ეს მიდგომა?

• მათ, ვისაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევები და სტანდარტული ტკივილგამაყუჩებლები საკმარისი არ არის;
• პაციენტებს, რომლებსაც შეტევები იწყებათ არატიპური სიმპტომებით — მაგალითად, ძლიერი გულისრევით, დაბინდული ტვინით, კისრის ტკივილით;
• მათ, ვისაც სწრაფი მოქმედების და გრძელვადიანი ეფექტი სჭირდებათ.

შაკიკი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და მისი მართვა ძალიან რთულია. ინოვაციური პრეპარატები, რომლებიც არა მხოლოდ ტკივილს, არამედ უშუალოდ შეტევის დაწყების პროცესს აჩერებენ, შეიძლება სრულიად შეცვალონ დაავადების მართვის სტრატეგია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა იცოდეს: პრევენცია დღეს უკვე შესაძლებელია — და დროული და სწორი მკურნალობით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება — რეალობაა!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი...“- რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი?

🎥 „ცოტა გათხოვებაც მინდა... საოცრება ის მოხდა რომ სულ ყველა გავთხოვდით...“ - რა ნივთი მისცა მაკა შალიკაშვილს გია ჯაჯანიძემ, რის შემდეგაც იგი დაოჯახდა?

🎥 „ყველას უჩნდება სურვილი ნიჭიერ და კარგ ადამიანთან ურთიერთობის...“ - დათო დარჩია მაკა შალიკაშვილზე