სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის საგანი გახდა ოპოზიციონერი აქტივისტის, ალბი კორძაიას ვიდეომიმართვები, სადაც ის წლების წინ მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. აღნიშნულ თემას ცნობილი ქართველი იუთუბერი გამოეხმაურა, რომელმაც აქტივისტის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.
იუთუბერი კორძაიას ქმედებას „ქალების ღალატს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დანაშაულის შესახებ საუბარი დაუყოვნებლივ იყო საჭირო:
„შენ ხარ ალბი ქალების მოღალატე, გაიგე? რომ ეგრევე არ უჩივლე ადამიანს, რომელსაც სდებ ბრალს, რომ ხელები გიფათურა. რატომ არ დაიწყე ეგრევე კივილი და წივილი? თვალებს თუ ახელ და ვიღაცა ტიპი გეფერება, უნდა იყვირო და იწივლო. გასაგებია?“ , - აცხადებს იუთუბერი ვიდეომიმართვაში.
კორძაიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკას ვიდეო განმარტებით უპასუხა, სადაც მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება წლების წინ არ მოახდინა.
„რატომ არ წავედი პოლიციაში 3 წლის წინ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს არ იყო გაუპატიურება, ეს არ იყო მძიმე ბრალდება და ჩემს სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ვიფიქრე, ამასთან ჭიდაობას აზრი არ აქვს და ველოდებოდი პრეცედენტს, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ მოხდება. კითხვები შემომდის, ეს პოსტი და ვიდეო რას ემსახურება საერთოდ - ეს ყოველივე ემსახურება ქალების დაცვას“, - ჰყვება კორძაია.
შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაიას საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი აქტივისტს სოლიდარობას უცხადებს, ნაწილი კი, მათ შორის აღნიშნული იუთუბერი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ გარემოებას, თუ რატომ არ მოხდა ფაქტზე რეაგირება წლების წინ.
კორძაიას სკანდალურ განცხადებებს, სამართლებრივი რეაგირება მიეცა. „იმედის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: