Digest Logo

„შენ საქართველოს განსაკუთრებული ელჩი ხარ მთელ სამყაროში!“ - ნონა გაფრინდაშვილის ემოციური წერილი ხვიჩა კვარაცხელიას

1792739858
ნონა გაფრინდაშვილი

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

ჭადრაკის ლეგენდა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ და მხარდამჭერ წერილს უძღვნის.

როგორც ლეგენდარული მოჭადრაკე აღნიშნავს, ფეხბურთმა მთელი ერი გააერთიანა, ხვიჩა კვარაცხელია კი ქართველი ახალგაზრდებისთვის ნამდვილ სანიმუშო მაგალითად იქცა:

„ყველამ იცის, როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი - ის სპორტზე მეტია, ჩვენი გულის ნაწილია და მთელი ერის გაერთიანება შეუძლია; ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება.

ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა შენთვის: კვარა, შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება! შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი!

გვეამაყება, რომ ხარ ქართველი! მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელ სამყაროში!

შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობითა და, რაღა თქმა უნდა, ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან!

შენ დიდი მატჩებისა და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ, რაც ნიშნავს, რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი - ეს კი დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია!

მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის! მთელი საქართველო შენს გვერდითაა, ხვიჩა!“ - წერს ნონა გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მძიმე ტრავმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიიღო (4-2). მატჩის მსვლელობისას მიღებული დაზიანების გამო მან მოედანი ნაადრევად დატოვა, პარიზული კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებულმა დეტალურმა გამოკვლევამ კი ყველაზე უარესი სცენარი დაადასტურა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა.

ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 6-იდან 9 თვემდე გათვლილი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია 2026/27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს. მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ხვიჩამ სოციალური ქსელით გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში არცერთ წამს არ დაკარგავს, რათა მოედანს კიდევ უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი დაუბრუნდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცხვირს კიდევ ერთხელ გაგიტეხავ...“ - მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია

⭕ რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2027 წლის დადგომამდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში

✕