გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:
„არ დაივიწყოთ ეს ინფორმაცია, თუ გინდათ მშვიდი, ხარისხიანი ცხოვრება!
ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა ასე მუშაობს: რაც ახსნადია და ნამდვილად გასაგები, მისი ტვინს (აღ)არ ეშინია.
ორგანიზმის პროფესიონალიზმს ხშირად მხოლოდ პათოლოგიურ და სასწრაფოდ მოსაშორებელ სიმპტომებად აღიქვამთ, არადა სიმპტომების უმრავლესობა სხეულის მიერ განზრახ შექმნილია, რომ მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა.
მაგალითად:
- სიცხე ხელს უწყობს იმუნურ სისტემას ოპტიმალურ მუშაობაში
- ხველა გვაშორებს სასუნთქი გზებიდან მოკროორგანიზმებს და არასასურველ ნაწილაკებს.
- ცემინებაც ასევე.
- ცხვირიდან ლორწოს დენას მოჰყვებიან პათოგენები, ანუ ვიწმინდებით.
- ტკივილი გვანიშნებს, რომ სადღაც მიმდინარეობს ქსოვილის დაზიანება და გვაიძულებს, მივხედოთ მტკივნეულ ადგილს.
- ანთების კარდინალური სიმპტომები: სიწითლე, შესიება, ტკივილი, სიმხურვალე ნიშნავს, რომ ლეიკოციტები თავიანთ სტიქიაში არიან, ანუ იმუნური სისტემა თავის მოვალეობას სამაგალითოდ ასრულებს.
- ფაღარათი გვაშორებს არასასურველ საკვებს, შხამებს თუ მოკროორგანიზმებს
- ღებინებაც, უბრალოდ სხვა მიმართულებით.
- ოფლიანობა აგრილებს სხეულს. სხვათა შორის, ადამიანი იმითაც მოვიდა ევოლუციის ამხელა საფეხურზე, რომ მას განსაკუთრებით კარგად შეუძლია ოფლიანობა, ანუ მაღალ ტემპერატურებთან ეფექტური გამკლავება.
- მაღალი პულსი ან წნევის დავარდნას უკეთებს კომპენსირებას, ან სხეულს მაქსიმალურად აწვდის ჟანგბადს
- შიში გვიცავს საფრთხისგან, რისიც გვეშინია, იმას თავს ვარიდებთ, რომ გადავრჩეთ.
- დაღლილობა გვაიძულებს დაძინებას, რეგენერაციას
- ....
რა თქმა უნდა ორგანიზმის ეს სრულიად ჯანმრთელი, ადაპტიური საქციელიც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან, გასცდეს კარგის საზღვრებს და სამკურნალოდ იქცეს.
მაგრამ, პირველ რიგში ნუ შეგვეშინდება საკუთარი სხეულის!
ხოლო ამისკენ პირველი ნაბიჯია ორგანიზმის რაღაც დონეზე ცოდნა და მისი ენის, კომუნიკაციის მოსმენა, კითხვა, გაგება.
ჯანმრთელობა ყველას საქმეა, ყველას ეხება. ყველამ უნდა ვიცოდეთ არსებობის ფიზიოლოგიის აუცილებელი მინიმუმი, სიცოცხლის ანატომია.
აი, მკურნალობა კი უკვე რაღაც ეტაპიდან უზარმაზარ სპეციალურ განათლებას, სიმამაცეს, ჰუმანიზმს და გამოცდილებას მოითხოვს, ანუ სპეციალისტს“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა...“ - 31 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით