პლასტიკური ქირურგიის მიღმა იშვიათად დგას მხოლოდ სუფთა ესთეტიკური ან ვიზუალური კაპრიზი.
სიღრმისეული ფსიქოლოგიის და არაცნობიერი მოტივაციის გადასახედიდან, სხეულის შეცვლა ხშირად შინაგანი კონფლიქტების, ფსიქოლოგიური დეფიციტებისა და ეგზისტენციალური ძიებების სიმბოლური ენაა.
საუბარი გაუცნიბიერებელ მოტივებზეა და არა ცნობიერ სურვილებზე.
ქვემოთ ჩამოვთვლი ძირითად არაცნობიერ მიზეზებს თუ რატომ მიმართავენ ადამიანები პლასტიკურ ქირურგიას:
1. კონტროლის ილუზია და სხეული, როგორც ერთადერთი დამორჩილებადი ობიექტი:
როდესაც ცხოვრებაში არსებობს ქაოსი, გაურკვევლობა ან სიტუაციები, რომლებსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს, არაცნობიერი ყურადღებას სხეულზე ამახვილებს. სხეული ხდება „ერთადერთი ტერიტორია“, რომლის მართვა და შეცვლა სრულად შესაძლებელია. ქირურგიული ჩარევა არაცნობიერ დონეზე აღიქმება, როგორც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებისა და ძალაუფლების მოპოვების აქტი.
2. ემოციური ტკივილის ფიზიკური პროექცია (გადატანა):
ადამიანის ფსიქიკას ხშირად უჭირს უზარმაზარი ემოციური ტკივილის, არასრულფასოვნების განცდის ან ბავშვობის ტრავმების ტარება, რადგან ისინი აბსტრაქტული და უფორმოა. შესაბაკისად ხშირად ხდება ამ ტკივილის კონცენტრირება და „ჩამოკიდება“ სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე (ცხვირზე, მკერდზე, ნაოჭზე). ჩნდება არაცნობიერი ილუზია: „თუ ამ კონკრეტულ ფიზიკურ “ნაკლს”გავასწორებ, მაშინ გაქრება მთელი ჩემი შინაგანი ტკივილი და ტანჯვა“. სხეული ხდება ფსიქიკური ტვირთის მატარებელი კონტეინერი.
3. კრიზისის სიმბოლური გადალახვა:
ცხოვრების გარდამტეხ ეტაპებზე (ასაკობრივი კრიზისები, განქორწინება, მნიშვნელოვანი დანაკარგი, როლთა ცვლა) ქალის იდენტობა ირყევა.
პლასტიკური ოპერაცია არაცნობიერ დონეზე აღიქმება, როგორც ინიციაციის რიტუალი ან სიმბოლური სიკვდილ-აღდგომა. ძველი სხეულის დანგრევა და ახლის შექმნა ტოლფასია წარსული, დაუცველი „მე“-ს განდევნისა და ახალი, ძლიერი, დაცული პერსონის დაბადების.
4. სიყვარულის, მიღებისა და უსაფრთხოების დეფიციტი (გარედან მართული თვითშეფასება):
თუ ბავშვობაში ინდივიდი განიცდიდა ემოციურ დეფიციტს, არასაკმარისად იყო დაფასებული ან პირობითი სიყვარულის მსხვერპლი გახდა (მიყვარხარ მხოლოდ მაშინ, როცა კარგი/ლამაზი ხარ), ეს სტრუქტურა მასთან ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებს მუშაობას.
ადამიანს არაცნობიერად აქვს განცდა, რომ „იდეალური გარეგნობა“ უნივერსალური გასაღებია სამყაროსგან მიღების, სიყვარულის და უსაფრთხოების მოსაპოვებლად. სილამაზე განიხილება, როგორც ფარისევლური გარანტია იმის, რომ ადამიანი აღარასოდეს იქნება მიტოვებული ან უარყოფილი.
5. ფსიქოლოგიური ჯავშანი (დაცვის მექანიზმი):
ზოგჯერ გარეგნული შეცვლა ემსახურება არა იმდენად სხვების მოხიბვლას, რამდენადაც საკუთარი თავის დაცვას გარე სამყაროს მზერისგან. იქმნება რაღაც ტიპის „ფასადი“ ან „ჯავშანი“, რომელიც ადამიანს აგრძნობინებს, რომ ის უფრო ძლიერი, მიუწვდომელი ან დაცულია. ეს არის ადამიანის მცდელობა, დაფაროს შინაგანი სისუსტე და მყიფე „მე“ გარეგნული სრულყოფილების მკაცრი კონტურებით.
6. იდეალური არქეტიპის დევნა (კომპენსაცია):
კოლექტიურ არაცნობიერში და კულტურულ სივრცეში არსებობს ქალურობის, სილამაზისა და მიმზიდველობის დომინანტური არქეტიპები.
როდესაც რეალური „მე“ ვერ პასუხობს შინაგანად იდეალიზებულ ხატს, წარმოიქმნება ნარცისული დისბალანსი. ქირურგიული ჩარევა არის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ ფიზიკური რეალობა მიუახლოვდეს იმ შინაგან, ხშირად მიუწვდომელ სტანდარტს, რომლის გარეშეც ადამიანი საკუთარ თავს მთლიანად და ღირებულად ვერ აღიქვამს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ზღაპრული ქალაქი ბრიუგე“ - მაკა ზამბახიძე ქმართან ერთად ბელგიაში მოგზაურობს
🎥 ილია სულამანიძის აკომპანემენტი, პაატა გულიაშვილის, ნიკა არაბიძის და „ქსოვრელების“ შესრულება