კოლექტიური არაცნობიერი, კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიური კონცეფციის მიხედვით, ფსიქიკის ის ღრმა შრეა, რომელიც არ ეკუთვნის კონკრეტულ ინდივიდს. ის ერთგვარი საერთო გამოცდილებათა, სიმბოლოებისა და ქცევითი მოდელების ერთობლიობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
კოლექტიური არაცნობიერი, ჩვენს ქვეცნობიერში არსებული უნივერსალური ოპერატიული სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ვრეაგირებთ სამყაროზე.
ქართულ სინამდვილეში ეს სისტემა სრულად ფორმირებულია ისტორიული გადარჩენის უწყვეტი, მრავალსაუკუნოვანი პროცესით. ჩვენი ხასიათის თვისებები, რომლებიც ხშირად წინააღმდეგობრივი გვეჩვენება, რეალურად არქეტიპული პასუხებია იმ გარემოებებზე, რომლებშიც ჩვენს წინაპრებს უწევდათ არსებობა.
1. ემოციური ინტენსივობა:
ქართველები გამოვირჩევით მაღალი ემოციური ტემპერატურით. ჩვენ არ გვიყვარს ნეიტრალიტეტი, ჩვენი სიხარულიც მძაფრია და მწუხარებაც, რაც განპირობებულია ისტორიულად ემოციების ღიად გამოხატვით, ეს იყო ჩვენი ცოცხლად დარჩენის ნიშანი. ჩვენ მძაფრი ემოციებით ვაჩვენებდით, ერთმანეთს თანადგომას მტერს კი დიდ გულს, რომლის განადგურებაც ასე მარტივად ვერ მოხდებოდა.
2. სტუმარმასპინძლობის კულტი:
სტუმართმოყვარეობა ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, თუმცა მისი ფესვები მხოლოდ კეთილშობილებაში არ იმალება. იზოლირებულ, გეოგრაფიულად რთულ გარემოში, სადაც გარე სამყაროსთან კონტაქტი შეზღუდული იყო, „სტუმარი“ წარმოადგენდა ინფორმაციის, სიახლისა და პოტენციური მოკავშირის ერთადერთ წყაროს. არქეტიპულად, სტუმრის პატივისცემა არის უცხოსთან მშვიდობიანი კონტაქტის დამყარების და მისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალების მექანიზმი.
3. მაქსიმალისტური მსოფლმხედველობა:
ჩვენ ხშირად ვხედავთ სამყაროს უკიდურესობებში: ან გმირია, ან მოღალატე; ან გვიყვარს, ან გვძულს. კრიზისულ და ომიანობის პერიოდებში არ იყო დრო ფილოსოფიური განსჯისა და „ნაცრისფერი ზონების“ ძიებისთვის. ასეთ დროს საჭირო ხდებოდა სწრაფი, ცალსახა გადაწყვეტილებები. მაქსიმალისტური მიდგომები ამარტივებდა რეალობას და აძლევდა მეომარს მკაფიო სამოქმედო ორიენტირს.
4. ტრაგიზმი და დრამა:
ჩვენი კოლექტიური მეხსიერება სავსეა დანაკარგებით (დაღუპული შვილები, დანგრეული ქვეყანა). იმისათვის, რომ ამხელა ტრავმას ერი არ გაენადგურებინა, ჩვენმა ფსიქიკამ გამოიმუშავა დაცვითი მექანიზმი, ტკივილის სუბლიმაცია (გარდაქმნა) პოეზიად, მუსიკად, მხატვრობად. ჩვენი სევდა არის ჩვენივე სიმტკიცის წყარო, თუმცა ჩვენი დრამატიზმიც აქედან მოდის.
5. ოჯახის ინსტიტუტი:
ჩვენთვის ოჯახი და სანათესავო არის მთავარი საყრდენი და დაცვა. ისტორიულად, სახელმწიფოს ინსტიტუტები ხშირად სუსტი ან დაშლილი იყო. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და სოციალურ გადარჩენას უზრუნველყოფდა, იყო ოჯახი და გვარი. ეს არის „ტომობრივი გადარჩენის“ არქეტიპი, სადაც ჯგუფის გარეთ დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო.
6. მებრძოლი სული და პატრიოტიზმი:
სამშობლოს სიყვარული ჩვენთან ხშირად ფანატიკური და უკომპრომისოა. ეს "მეომრის არქეტიპის“ გამოვლენაა. საუკუნეების მანძილზე ჩვენი იდენტობა (ენა, მამული, სარწმუნოება) მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ინსტინქტი, რომ პატრიოტიზმი არ არის არჩევანი, ის არის ფიზიკური და სულიერი არსებობის ერთადერთი გარანტი.
7. კრიტიკულობა, შური და განსხვავებულის მიუღებლობა:
ეს ჩვენი კოლექტიური არაცნობიერის ყველაზე მტკივნეული მხარეა. ჩვენ გვიჭირს განსხვავებული აზრის მიღება და ხშირად ვავლენთ შურს.
რატომ გვაქვს ეს თვისებები?
მიუღებლობა: პატარა, ალყაშემორტყმულ საზოგადოებაში ნებისმიერი შიდა განხეთქილება ან დადგენილი ნორმიდან გადახვევა აღიქმებოდა როგორც სასიკვდილო საფრთხე მთელი ჯგუფისთვის.
შური: ეს არის „მწირი რესურსის სინდრომი“. როდესაც თაობების განმავლობაში რესურსი (იქნება ეს მიწა, ძალაუფლება თუ აღიარება) ძალიან შეზღუდული იყო, სხვისი წარმატება ქვეცნობიერად აღიქმებოდა როგორც საფრთხე, რომ „ჩვენ დაგვაკლდება“.
8. იუმორის გრძნობა:
ჩვენ შეგვიძლია ვიცინოთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვტკივა. იუმორი უძლიერესი თავდაცვითი მექანიზმია, ის გვეხმარება სტრესის განმუხტვაში და ტრავმული რეალობისგან დისტანცირებაში.
ქართული კოლექტიური არაცნობიერი უაღრესად სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ ამავე დროს, ტრავმირებული სისტემაა. ჩვენი ხასიათის ყოველი შტრიხი, საუკეთესოც და ყველაზე რთულიც, არის პასუხი კითხვაზე თუ როგორ მოვედით აქამდე.
ავტორის შენიშვნა: „მე არ ვაფასებ ჩვენ კოლექტიურ არაცნობიერს არც ცუდად და არც კარგად, უბრალოდ ვცდილობ ინფორმაცია მოვიტანო თუ რატომ ვართ ისეთები როგორებიც ვართ!“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უხილავი მმართველობა და მეტა-ენის დაბადება: იქმნება თუ არა დედამიწაზე ახალი მოაზროვნე რასა
🎥 „მადლობა ღმერთო...“ - როგორ მიულოცეს თამო ვაშალომიძეს დაბადების დღე შვილებმა
⭕„არახელსაყრელია გამგზავრება, სწავლის, მშენებლობის დაწყება...“ - 12 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით