ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ქონებას აქვს დაუოკებელი თვისება - ცხოვრებად იქცეს.
ეს არის საშუალების მიზნად გარდასახვის მცდელობა, რაც ადამიანს მის ნამდვილ ბუნებას უკარგავს.
1976 წელს ერიხ ფრომმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „გქონდეს თუ იყო?“ ("To Have or to Be?"), რომელშიც ამბობს, რომ "ქონების კაცი" ცდილობს, ფლობდეს, მოიხმაროს, მოიგოს და აკონტროლოს ყველაფერი - ადამიანები, საგნები, ფინანსები, აღიარება, პატივისცემა და რწმენაც კი. "ყოფნის კაცი" კი ეზიარება სიყვარულს, ჭეშმარიტებას, შემოქმედებას, ღირსებას.
ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეიცნეს ეს მოვლენა და უკვე ყველაფერი თქვეს მასზე. მათ შორის ასეც: "უფულო კაცი უკეთესია უკაცო ფულზე". (თემისტოკლე)
არ შეიძლება იცოცხლო და შენს ცხოვრებაში საშუალება მიზნად აქციო!
შენ რა - ღმერთს დასცინი?
გსურს, მისი ნება და ჩანაფიქრი შენი სურვილებით ჩაანაცვლო?
გინდა, რომ კერპი ღმერთად წარმოიდგინო?
განა ის, რაც გაქვს ან შესაძლოა მოიპოვო, შენს სულსა და მარადიულ არსებობაზე მნიშვნელოვანია?
აბა, სცადე ერთხელ - წადი რომელიმე წარმოსახულ თუ ნამდვილ ბაზრობაზე და იყიდე მარადისობა.
ბევრს შემოგთავაზებენ (ამის ოსტატები მრავლად არიან), ძალიან ძვირსაც დაგიფასებენ, არნახულადაც მოგაწონებენ, მაგრამ სულ გახსოვდეს, რომ არც უცვლელობა იყიდება და არც ფერისცვალება.
ადამიანის ცხოვრება სანახაობას კი ჰგავს, მაგრამ ბაზარი არ არის.
სულს ფულისთვის ჯიბე არ აქვს.
სული არ იყიდება.
მას მხოლოდ ღმერთი თუ გაჩუქებს და ამ საჩუქარს ფასს ვერავინ დაადებს და ვერც ვერავინ აკადრებს.
ის იყავი, ვინც ღმერთის საჩუქარს შეესაბამება.
დანარჩენს დრო და შენი ღირსება გადაწყვეტს“, - წერს გია მურღულია.