Digest Logo

„ტანჯვა, სულიერი კრიზისი და სასოწარკვეთილი მცდელობა...“ - რა იმალება ანორექსიის უკან? ფსიქოლოგის განმარტება

1791656677
მარიამ მგალობლიშვილი

🧠რა იმალება ანორექსიის უკან?

საზოგადოებაში ანორექსია ჯერ კიდევ ხშირად აღიქმება, როგორც უკიდურესი დიეტა, სილამაზის სტანდარტებისკენ სწრაფვა ან უბრალოდ „სიგამხდრის მანია“. თუმცა, ვინც ამ მდგომარეობაში ყოფილა, ან პროფესიული კუთხით შეუსწავლია, იცის, რომ სიგამხრე აქ მხოლოდ აისბერგის წვერია.

რეალურად, ანორექსიის მიღმა არ დგას ისეთი მარტივი მიზანი, როგორიც ესთეტიკური სილამაზეა, მით უმეტეს სილამაზესთან და ესთეტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს კახექსიურ სხეულს.

ეს დაავადება რეალურად ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიური ტანჯვაა, სულიერი კრიზისი და სასოწარკვეთილი მცდელობა, შიდა ქაოსი გარე კონტროლით დააბალანსოს.

🥬ვერ ჭამს თუ არ ჭამს ანორექსიის დროს ადამიანი? ხალხს ხშირად უჭირთ გაგება, თუ რეალურად რა ხდება ანორექსიის მქონე ადამიანის თავს და რატომ „ვერ ჭამს“ ის თუ არ ჭამს? საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ უბრალოდ ან “არ უყვართ ჭამა“ ან მკაცრ დიეტაზე არიან ან საკვებზე უარს საკუთარი ნებით ამბობენ ან სულაც ვეღარ ჭამენ რადგან ფიზიკურად უჭირთ საჭმლის მიღება.

სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა: ასეთ დროს პაციენტებს ეშინიათ ჭამის. საკვები მათთვის აღარ არის სიამოვნება ან ენერგიის წყარო, ის ყველაზე დიდ საფრთხედ და „დანაშაულად” აღიქმება. თავად ჭამის პროცესი დაკავშირებულია მძიმე შფოთვასთან, პანიკასთან და სხეულის კონტროლის დაკარგვის შეგრძნებასთან. ასეთი პაციენტები შეიძლება 24 საათი საჭმელზე ფიქრობდნენ, აგროვებდნენ რეცეპტებს, ამზადებდნენ სხვებისთვის, მაგრამ პირისკენ ლუკმის მიტანა მათთვის უზარმაზარი ფსიქოლოგიური გამოწვევაა. ანორექსიის დროს საჭმელი კონტროლის დათმობასთან ასოცირდება.

🕹️კონტროლის ილუზია: პაციენტებმა ნერვული ანორექსიით, რაღაც მომენტში ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი სურვილი “ცხოვრება გაეკონტროლებინათ” სწორედ ამიტომ საკუთარი სხეულის “კონტროლი” აირჩიეს. ეს სხეულის კონტროლიც პარადოქსულია, რადგან წონის კლებაც “უკონტროლოდ” მიმდინარეობს და მატება ან შენარჩუნება არ არის მათზე დამოკიდებული. შესაბამისად ეს კონტროლი ისე როგორც ამ ცხოვრებაში თითქმის ყველა მცდელობა, რაღაც გააკონტროლო ილუზიურია.

🤐არათქმული ემოციების ენა: ანორექსიის დროს სხეული იქცევა ეკრანად, რომელზეც ადამიანი იმ ტკივილს, ბრაზს, შფოთვასა და სევდას „ასახავს“, რისი სიტყვებით გამოთქმაც ვერ შეძლო. როდესაც შინაგანი ემოციური „ხმაური” გაუსაძლისია, საკვების მიღებაზე უარის თქმა ქვეცნობიერი მექანიზმი ხდება, რომელიც დაახლოებით ასე მუშაობს: “თუ ჩემს სხეულს გავაქრობ, ტკივილიც გაქრება“.

🧝‍♀️„სრულყოფილების“ მახე და შიდა კრიტიკოსი: ანორექსიის უკან თითქმის ყოველთვის დგას პერფექციონისტი ადამიანი. ეს არის პიროვნება, რომელიც საკუთარი თავის მიმართ წარმოუდგენლად მკაცრია. „მე არ ვარ საკმარისად კარგი“ „მე უნდა ვიყო სრულყოფილი, რომ მიმიღონ“ წონის კლება ამ სისტემაში ხდება „წარმატების“ ერთადერთი საზომი. ყოველი დაკლებული გრამი მატებს დროებით ღირებულების განცდას.

🐢უსაფრთხოების „ჯავშანი“: პარადოქსულია, მაგრამ კახექსიური, გამხდარი სხეული ხშირად მუშაობს როგორც ფსიქოლოგიური ჯავშანი. ანორექსიის დროს ადამიანს აქვს ქვეცნობიერი მცდელობა, გახდეს „შეუხებელი“, დაემალოს საკუთარ სექსუალურობას, სხვების ყურადღებას ან იმ ვალდებულებებს, რასაც ზრდასრული ცხოვრება აკისრებს. სხეულის “გაქრობა” არის არცნობიერი გზა, რომ სამყაროს თვალს მოეფაროს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.

ამ სტატიის მერეც გგონიათ ვინმეს, რომ ანორექსიის უკან, ბანალურად მხოლოდ “ბულინგი” დგას ან წონის დაკლების სურვილი, იმ მიზნით, რომ უფრო “გალამაზდეს” ადამიანი? იცოდით, რომ ნერვული ანორექსია არის ერთადერთი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შეიძლება უშუალოდ, სუიციდის გარეშე, ფიზიკური გამოფიტვისა და ორგანოთა უკმარისობის გამო სიკვდილით დასრულდეს? როდესაც გული, თირკმელები და ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემები რესურსის არარსებობის გამო ითიშება, სხეული უბრალოდ ვეღარ უძლებს იმ ფიზიკურ ტვირთს, რასაც შიმშილი აყენებს. ეს არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი დაავადება და არა „ახირება“.

განკურნება იწყება გააზრებით, თუ რისგან იცავთ თავს, რა შიშები იმალება შიმშილის უკან და როგორ შეიძლება სხეულმა და ფსიქიკამ ისევ იპოვოს უსაფრთხოების განცდა საკვების კონტროლის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

⭕„ბელგიურ-ჰოლანდიური არდადეგები“ - ნატო გელაშვილი ოჯახთან ერთად ისვენებს

⭕„ძალიან მომწონს ეს გოგო“ - ლიზა ყენიას ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

✕