26 ივნისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლის „ორერა“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.
სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით „ორერას“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე სამძიმრის წერილი გავრცელდა:
„ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში.
ტკივილია მისი წასვლა, მაგრამ უკვე იყო უდიდესი ბედნიერება მის გვერდით ყოფნა. როგორც ადამიანობაში ისევე მუსიკაში ბატონი გენო იქნება - მისი უმაღლესობა.
იმდენი რამე შემიძლია ვთქვა მასზე და მაინც მექნება სიმწირე ჩემი ლექსიკის მარაგის. იმდენად დიდი ადამიანობით იყო დაჯილდოებული.
ყურადღებიანი, გვერდში მდგომი, ერთგული და კიდევ მრავალი დიდებულებით შემკული... და იმიტომაც იქცა მის ჰიმნად „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“ - ასე იცხოვრა.
აუწონავი სიყვარულიც დაგვიტოვა. ზედმეტი იქნება, რომ ვთქვა სულ მემახსოვრები -მეთქი, რადგან შეუძლებელია დამავიწყდეს ის სიკეთეები, რაც ჩემთვის გაუკეთებია ამ ბუმბერაზ კაცს, რომელსაც თვალი რომ გავახილე მას მერე ვგულშემატკივრობდი და მუსიკის გემოვნებას და კულტურას მიყალიბებდა.
სამწუხაროდ არც გია ძიძიგურია ჩვენთან, ვინც ბატონ გენოსთან დამამეგობრა. მადლობა გია, აცხონოს უფალმა მისი სული.
მადლობა გენო ნადირაშვილო იმ მეგობრობისთვის, რაც მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო.
მადლობა ყველაფრისთვის.
უფალმა აცხონოს თქვენი ნათელი სული, მარადიული ხსოვნა და ხსენება, ამინ“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია ქორწილი, მიწის სამუშაოები, კრედიტის მოთხოვნა“ - 27 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით