ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
„თუ ერს, ქვეყანას, სახელმწიფოს შეუძლია მთავარი გადაწყვეტილებები სხვისი „სავალდებულო რჩევის" ან პირდაპირი იძულების გარეშე მიიღოს, ის დამოუკიდებელია.
ამას ჰქვია „სუვერენიტეტი".
ამ დროს ვერავინ გიშლის ხელს, ვინც გინდა, ის იყო.
ადამიანს აქვს თავისუფლება, სახელმწიფოს - დამოუკიდებლობა.
პირველსაც და მეორესაც პასუხისმგებლობა ახლავს:
მიღებული გადაწყვეტილებით გაიმარჯვებ? - შენ თავს მადლობა უთხარი და ახალ წარმატებაზე იფიქრე.
დამარცხდები? - შენ თავს დააბრალე.
საბოლოო ანგარიშით, ის ხარ, რასაც აღწევ ან გონივრულად და გულიანად ცდილობ მიაღწიო - თუ მართებული დასკვნები გამოგაქვს, წაგებაც გამარჯვების ნაწილია.
მიღწევას ჭკუა და ერთსულოვნება სჭირდება.
თუ ერთობის გაცნობიერებული განცდა არ არის, არც ერი და არც სახელმწიფო არ არის.
ამგვარ ერთობას საერთო მიზნები და საერთო შესაძლებლობები ქმნის.
ამ შესაძლებლობათა თავი და თავი განათლება და კულტურაა, რომლებითაც ნებისმიერი ქვეყანა დროში თავის უკვდავ სახეს ქმნის და გამოხატავს.
ამ პროცესს თავისი მწვერვალებიც აქვს და უფსკრულებიც.
ორივეს ღირსებით შეხვედრა სჭირდება.
თუ თავისუფლებას ყოველდღე არ ქმნი, შენს დროშას, ჰიმნს, წარსულსა და მომავალს სხვები დაეპატრონებიან.
არ დათმო, რაც შენია - მოუარე, გააბევრე, დახვეწე და გააკეთილშობილე.
მეგობრებო, ქართველებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით