
ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი სოციალურ ქსელში მამობრივი სტატუსების პარალელურად მის საქმიანობასაც არ ივიწყებს და ამჯერად წიგნიდან „წერილები ჩემი ბავშვობიდან“ მორიგი ამონარიდი გაავრცელა.
„საერთოდ, ყველაფერი უცნაურად საცნაური იყო მაშინ.
თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცევაო - გვაფრთხილებდნენ.
თუ ჩიტი გალობდა, გვეშინოდა. ვეუბნებოდით ჩუმად და კრძალვით: ,,სკვინჩა, შენს პირს შაქარი! სკვინჩა, შენს პირს შაქარი!“
ძაღლი რომ ყმუოდა, მშიერი და უპატრონო, ძაღლის ყმუილს იმ სახლის ბინადრის სიკვდილის მომასწავლებლად ვთვლიდით, საითკენაც პირი ჰქონდა მიშვერილი და ქვას ვესროდით. არადა, სახლიდან ძაღლს მხოლოდ გამოხედვა და მხოლოდ პური უნდოდა. სხვა ვერაფერი. პურზე უფრო ალბათ გამოხედვა. ჩვენ კი ვუფრთხოდით.
მზე რომ აჭერდა და აცხუნებდა, ეგ იყო მომავალი დიდი წვიმის შიშის ნიშანი. ,,წვიმა იცის!“
გვიანი გაზაფხულის წყნარი საღამო რომ იდგა, სახლის ფანჯრებს ვკეტავდით - ქარიშხალი მოსდევს ამ სიჩუმესო.კი, მოსდევს. მაგრამ ეგ ყოველთვის ეგრეა. ხან სიმშვიდეა, ხან ქარი. სულ ერთმანეთს მოსდევენ. უბრალოდ, როცა სიმშვიდეა, უნდა დატკბე. ჩვენ კი ეს არ გვასწავლეს. ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება.
ამიტომაც არის უცხო სიხარული.
ყველა სიტყვა, ბუნებიდან შემოგებებული, ყველა სიხარული უნდა ყოფილიყო ხანმოკლე და დასაზღვრული. და ახლა საიდანღა ვისწავლოთ? მით უფრო ახლა - როცა აღარც სკვინჩა გალობს, არც სიმშვიდეა, ვერც ვიცინით. მით უფრო ძნელია. მით უფრო შეუძლებელი“,- წერს გიორგი კეკელიძე.