Digest Logo

„უფასო კორექტორი, ქართული ენის დამცველი, ჭირისუფლები, კალენდარული მეგობრები“ - კომენტატორების ფსიქოტიპები ხათუნა მუზაშვილისგან

1773251616
ხათუნა მუზაშვილი

„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში კომენტატორების ფსიქოტიპებზე საუბრობს:

„ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს - ზოგი ფიზიკურად, მაგრამ უმრავლესობა სოციალურ ქსელში გვეურთიერთება...

სოცქსელში ურთიერთობა ხშირად გვაძლევს საშუალებას ადამიანის „კულისები“ დავინახოთ, რადგან აქ შეგიძლია გულწრფელად წერო და ანთხიო, ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება(პასუხს ნაკლებად მოგთხოვს ვინმე) ან სულაც ჯულია რობერტსის ან შობის დღესასწაულის ფოტოს ამოეფარო, კედელზე ხატები გაიზიარო და თვითგამოხატვის თავისუფლებაში ჩაიძირო.

მომინდა ასეთი „კომენტართ მწერლების“ ფსიქოტიპები ჩამომეყალიბებინა და გადავწყვიტე გაგიზიაროთ:

1.🌼 უფასო კორექტორი - „ფრენდი“, რომელიც შეიძლება 20 წელი შენი გამომწერი იყოს და ყველა პოსტს ბოლომდე კითხულობდეს, თუმცა მის აქტივობას მხოლოდ მაშინ დაინახავ, თუ სადმე წერტილ-მძიმე ან ასო გამოგეპარა - ეგრევე შემოგიხტება და შეგისწორებს. მადლობა მათ ამ დაუფასებელი და აუნაზღაურებელი შრომისთვის...

2. „ქართული ენის დამცველი“ - ეს კატეგორიაც პირველის მსგავსია, ოღონდ მას ააქტიურებს არა სასვენი ნიშნები და გამოტოვებული ასოები, არამედ ის სიტყვა, რომელიც არა ქართულია, განსაკუთრებით კი იმ ტერმინებზე ბრაზდება, რომელთა მნიშვნელობაც არ ესმის. „ქოუჩინგი რა ჯანდაბაა, თქვენ ამოწყდით“ - ეს მათი საყვარელი კომენტარის შინაარსია, რომლის ყველა სიტყვაც პირწმინდად ქართულია...

პ.ს. ადრე ვიწყებდი ხოლმე ახსნას, რომ ქართული გრამატიკის მე-5-6 კლასის მასალა საფუძვლიანად რომ შეესწავლათ, აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ...

მაგრამ ახლა უბრალოდ ვითვლი ამ ექსპონატებს და სტატისტიკას ვაწარმოებ - ჩემი 30000 გამომწერიან რამდენია ასეთი.

3. „ჭირისუფლები“ - მხოლოდ მაშინ გწერს, თუ რაიმე უნდა მოგისამძიმროს ან შეგიცოდოს, თანაგიგრძნოს...სხვა დროს ჩათვალე რომ არ გყავს!

4. „კალენდარული მეგობრები“ - ასეთები მხოლოდ დაბდღეებს, 8 მარტებს და გიორგობებს გილოცავენ - სხვა დროს ისინიც არ ჩანან.

5. „მოქიშპეები“ - ესენი ძირითადად შენი იდენტური პროფესიის ადამიანები არიან და ელოდებიან რა შეგეშლება, რომ პროფესიოულად გაგაშავონ - ამას წინათ გამოგონილი ისტორია დავწერე ჩანახატად ... „ფსიქოლოგიური ეთიკა სად გაქვს სხვის ამბებს რომ აზიარებო“ ვინც მომწერა ყველა ფსიქოლოგი იყო

6. „მტრები - ტროლები“ - აქ ზოგი შენი პირადი მტერია (დაბოღმილი ნათესავი, ყოფილი მეუღლის ახლობელი, ნაჩხუბარი თანამშრომელი...) ზოგიც სამშობლოს მტერია და შენს გვერდზე გესლის ნთხევა აქტიურობად ეთვლება, ამიტომაც გშხამავს... 

7. „წელს ქვევით ლექსიკის ადამიანები" - ამათ არ გავარჩევ- ეს უბრალოდ ის ხალხია, რომელიც მომენტალურად უნდა დაბლოკო.

8. „პოლიტიკოსები“ - გამომწერები, რომლებიც ცდილობენ შენი აქტივობა, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს მიაკუთნონ და საჯაროდ გამხილონ - ან ქოცი ხარ, ან ნაცი ხარ, ან მედროვე! რომელიმე მაინც იქნები.

9. „გენდერული თანასწორობის მაძიებელნი" - ეს არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი სასწორი აქვთ, რომელიც სულ თან აქვთ და ყველა შენს სიტყვას წონიან და ღმერთმა ნუ ქნას ერთი სქესის წარმომადგენლებზე მეტი, ან უკეთესი, ან უარესი, ან რამენაირი, ან სხვანაირი დაწერო რაიმე ....

მაგ: „ტრენინგი ქალთა კური" - არის სექსისტური განაცხადი, მხოლოდ ქალს რომ შეუძლია ბავშვის მუცლით ტარება - ეს გენდერული თანასწორობის დამრღვევი განცხადებაა და „მამაკაცებს, რომ უფრო მარტივად უნვითარდებათ კუნთოვანი მასა" - ესეც გენდერულად არა ეთიკურია, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია...

10. „ჭურში მცხოვრები საზოგადოება“ - ეს ის ხალხია, ვისთანაც ცივილიზაციამ ჯერ ვერ მიაღწია და უკვირთ - ფსიქოლოგიც, ასტროლოგიც, ფსიქიატრიც, სექსოლოგიც, ხელოვნური ინტელექტიც, ბავშვის აღზრდის არა არქაული მეთოდებიც ...

სამაგიროდ წყევლა და გინება მათთვის კარგად ნაცნობია....მათი კომენტარები ძირითადად ამგვარი ხასიათისაა  „რებს ბოდავთ?", „რა სისულელეა", „არ მჯერა" და მსგავსი.

❤დანარჩენ 90 პუნქტში 100-დან ის ადამიანები არიან ვინც გლოცავს, მადლობას გიხდის, სტიმულს გაძლევს, გამოტივირებს ( არც ეს არის ქართული სიტყვა), თავის აზრს კულტურულად გამოხატავს, მხარდაჭერას გიცხადებს, შენს ღირებულებებს იზიარებს, შენი სიხარულიც უხარია და ტკივილიც სტკივა, გემეგობრება, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა პირადად არც გიცნობდეს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანობა განვითარების ყველაზე მაღალი საფეხურია ადამიანების განვითარების საფეხურებს შორის“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„პირველი, რაც ადამიანის დანახვისას თვალში მხვდება, არის, მისი „ასანკა“, შემდეგ მოდის თმა, კანი, ფრჩხილი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 „მხოლოდ ერთი კვირა ვიცხოვრე, ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა და დედის წინააღმდეგ პოლიციის გამოძახება მომიწია“ - გიორგი გოგოჭური

🎥 „ვერ ვეჩხუბები ხალხნო, ეგრევე პაროდიას მიკეთებს ჩემსას“ - ნინი შერმადინი სახალისო კადრებს გვიზიარებს