სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორიები, რომელიც საქართველოს კათოიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უკავშირდება.
ერთ-ერთ ასეთ პოსტში ვკითხულობთ ინფორმაციას, ილია მეორის მშობლებზე:
პატრიარქზე სნოში ჰყვებიან
ეს სურათი სნოში, ათენგენობაზეა გადაღებული. უწმინდესის საყვარელ სნოში, საიდანაც უფლება რომ ჰქონდეს, არც კი წამოვიდოდა.
მარიამობას, როცა სნოში პაპაჩემის საფლავზე გავდიოდით, იქვე იყო პატრიარქის მშობლების საფლავიც... ჩვეულებრივი , სხვა საფლავებისგან არაფრით გამორჩეული, ძველებური ქვებით. მიკვირდა, პატრიარქის მშობლების საფლავი ცოტა სხვანაირი წარმომედგინა.
დედაჩემის დედის ძმამ, ახმეთა ბიძამ მითხრა: თეთრი მარმარილოს დიდი ჯვარი აჩუქეს პატრიარქს მშობლების საფლავზე დასადგმელად და ისიც კი სასაფლაოს ცენტრში დაადგმევინა, რად უნდა ჩემს მშობლებს მარმარილოს ჯვარი, ეს ჯვარი ყველასი იქნებაო.
თურმე სანამ პატრიარქად აკურთხებდნენ უნდოდა თავისი მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაეკრძალა. მაგრამ მაშინდელმა პატრიარქმა დავითმა უარი უთხრა. როცა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი გახდა შესთავაზეს მას.
- ახლა მაინც გადმოასვენეთ თქვენი მშობლები სამთავროშიო.
- პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო - უპასუხა ჩვენმა უწმინდესმა, რომელიც უკვე პატრიარქი იყო“, - წერს მოქალაქე სოცქსელში.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.