Digest Logo

„ყველა ღალატს თავისი საფასური აქვს - მას სიმართლე ეწირება... იესომ ეს წესი დაარღვია“ - რას წერს გია მურღულია

1714546604
გია მურღულია

რამდენიმე დღეში მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას იზეიმებს, იქამდე კი რელიგიურად მძიმე და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეებია გასავლელი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს იუდა იესოს გაყიდის 30 ვერცხლად. ეს დიდი ფული არ არის - მაინცდამაინც „სიხარბესაც“ ვერ დაარქმევ.
იუდამ მაცხოვარი იმიტომ უარყო და გაიმეტა, რომ იმედი გაუცრუვდა.

მას ეგონა, რომ ეროვნულ მხსნელს მიეგება - სამყაროს მხსნელის დანახვა და გააზრება მის თვალებსა და გონებას არ შეეძლოთ.

ამ კაცმა ბოლოს იმ 30 ვერცხლის უკან დაბრუნება მოინდომა, მაგრამ სინედრიონმა აღარ მისცა ამის უფლება და ეს ფული უბრალოდ გადაიყარა. როგორც დავით გურამიშვილი წერს: „ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო“.

იუდამ თავი ჩამოიხრჩო - მან საკუთარ სიმდაბლეს ვერ გაუძლო,  თუმცა ამით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მოღალატის სახელი მაინც ვერ მოიშორა.

ოთხშაბათი მუდმივად გვახსენებს, რას ნიშნავს ჭეშმარიტების ღალატი, მისგან განდგომა, მისი უარყოფა.
ყველა ღალატს თავისი საფასური აქვს - მას სიმართლე ეწირება.

იესომ ეს წესი დაარღვია - მან შეურაცხყოფილი, ძირს დანარცხებული და მოკლული სიმართლე კვლავ გააცოცხლა და პირვანდელი სახით გააბრწყინა.

ხვალ საიდუმლო სერობა, ღვთაებრივი სიმდაბლის ჩვენება და ზიარებაა.
ზეგ - ჯვარცმის ყველაზე მძიმე დღე.
კვირას - აღდგომა.

რა დამცირებული ჩანს იუდასა და სინედრიონის ოცდაათვერცხლიანი შეთანხმება აღდგომის დიდებულებასთან!
მართლაც, როგორ არ იციან, „რას იქმან".

კვირა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. იქამდე სინანულისა და მომხდარის გააზრების ჟამია.
მერე კი ვერცხლი თავისი ცუდი ყოფნის აზრს დაკარგავს და სიყვარული გაიმარჯვებს.

იუდას თვალებით მზერას შეზღუდული დრო აქვს, მაცხოვრის თვალები მარადიულად იმზირებიან“, - წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელის მოულოდნელი თავსატეხი სასიყვარულო კუთხით და ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსების გაცემისგან

🎥 კოსმეტიკა, რომელიც აზიანებს თირკმელსა და ნერვულ სისტემას - ზაზა თელიას განმარტება

კოლუმბიის უნივერსიტეტში პროტესტის ათობით მონაწილე დააკავეს