23 წლის ჩინელი ინფლუენსერი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ძვლის აგრესიულ ფორმასთან - ოსტეოსარკომასთან მარტო იბრძოდა, გარდაიცვალა. გოგონას ისტორია განსაკუთრებით მძიმეა იმით, რომ დაავადების დიაგნოზის შემდეგ მას მშობლებმაც კი ზურგი აქციეს. მისი გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქსელში ცნობილი, როგორც „სასწაული სიაო სიაო“, გოგონა 18 წლის იყო, როდესაც ძვლის კიბო დაუდგინეს. მისი ნამდვილი სახელი სიაო ძინხეა. დიაგნოზის შემდეგ მამას მისთვის არ მიუკითხავს, დედამ კი ერთი წლის შემდეგ მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. ოჯახის წევრებიდან სიაო სიაოზე ზრუნვას მხოლოდ ბებია აგრძელებდა, თუმცა ასაკის გამო მას შვილიშვილის სრულფასოვნად მოვლა უჭირდა.
დაავადების პროგრესირების გამო გოგონას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მან სწავლა გააგრძელა და ჰეფეის პედაგოგიურ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა. მკურნალობის ხარჯების დასაფარად ონლაინ მოთხრობებს წერდა და საკუთარი ხელით მოქსოვილ სათამაშოებს ქუჩაში ყიდდა.
სიაო სიაომ საკუთარი თანხით პროთეზიც შეიძინა და სიარულის სწავლა დამოუკიდებლად დაიწყო. შანხაიში სამკურნალოდ ხშირად მარტო მიდიოდა, თან პირად ნივთებსაც თავად ატარებდა. როგორც გამოცემა The Star წერს, მას ექვსჯერ მოუწია ქირურგიულ ოპერაციებზე თანხმობის ფორმების დამოუკიდებლად ხელმოწერა.
მოგვიანებით სიმსივნე ფილტვებსა და პლევრაზეც გავრცელდა. ფინანსური პრობლემების გამო გოგონას მკურნალობის შეწყვეტაც მოუხდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისმა გულშემატკივრებმა თანხა შეაგროვეს და მკურნალობის გაგრძელებაში დაეხმარნენ.

18 სექტემბერს სიაო სიაომ გაამხილა, რომ მეშვიდე მასშტაბური ოპერაცია გადაიტანა. ამჯერად ის მარტო აღარ ყოფილა, მის გვერდით მეგობრები, მათ შორის ფოტოგრაფი შენიც იდგა, რომელიც გოგონას მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც მან მასთან „ანგელოზის“ ფოტოსესიის სურვილი გამოთქვა. შენმა და მისმა დედამ სიაო სიაოზე ზრუნვა დაიწყეს და მკურნალობისთვის თანხის შეგროვებაშიც ეხმარებოდნენ.
გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს მისივე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ სიაო სიაომ სიცოცხლეშივე შეარჩია სამგლოვიარო ფოტოსურათი, შავ-თეთრად გადააკეთა და ტელეფონში საკუთარი გამოსამშვიდობებელი წერილი აკრიფა.
ბოლო მიმართვაში მან მადლობა გადაუხადა გამომწერებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისა და სიყვარულისთვის. გაიხსენა ზღვა, ტაიშანის მთა და იუნანის პროვინციის ქალაქ ლიჯიანგის ყვავილები. გამომწერებს უთხრა, რომ სურდა დაეკრძალათ ისეთ ადგილას, სადაც ხეები და ყვავილები იქნებოდა, იქ, სადაც აღარ ექნებოდა ტკივილი და დარდი.
მისი მეგობრის, შენის თქმით, სიცოცხლის ბოლო დღეებში სიაო სიაოს მშობლები საავადმყოფოში მივიდნენ. მეგობარმა გოგონას ბებიასთან ვიდეოზარით დაკავშირებაშიც დაეხმარა. შენის განცხადებით, როდესაც სიაო სიაო გარდაიცვალა, დედა ტიროდა.
გოგონას ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი საკუთარი სახელობის ფონდის შექმნა იყო, რათა სხვა ადამიანებს დახმარებოდა. მეგობარი ამბობს, რომ მის ამ სურვილს აუცილებლად შეასრულებს.
სიაო სიაოს სოციალურ ქსელში დაახლოებით 500 ათასი გამომწერი ჰყავდა. მის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გოგონას სიმამაცე, სიკეთე და შეუპოვრობა გაიხსენა.
