
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალური სტერეოტიპების შესახებ ღიად ლაპარაკობს „იუთუბის“ პოდკასტში „ქალების რადიო“. მისი თქმით, წონის საკითხზე არასდროს ჰქონია პრობლემა და იგი არ ეთანხმება საზოგადოებრივ აზრს, რომ გამხდარი ადამიანი აუცილებლად ავად უნდა იყოს.
„მთელი ცხოვრება, 38 წელია ვიყავი გამხდარი, ვიყავი ჯოხი და ვაგრძელებ ჯოხობას. ვგიჟდები, რომ ვარ ჯოხი. ვისაც როგორი უნდა იყოს, მე ამის მიმღებლობა მაქვს“,- ამბობს მსახიობი.
მსახიობის თქმით, იგი არ ცდილობს სპეციალურად რაიმეს გაკეთებას ვიზუალისთვის და სილამაზის სტანდარტებს არ მიჰყვება:
„არაფერს ვაკეთებ, რომ რამე მიხდებოდეს. საერთოდ არაფერი მიხდება. სამი საათი სარკესთან არ ვდგავარ და მაკიაჟს არ ვიყენებ, არც ტელევიზიაში არ გამიკეთებია. მიყვარს ტუჩსაცხი და დამთავრებულია. ცხვირის კომპლექსი მქონდა, დედაჩემმა მითხრა 25 წლამდე არ გაგაკეთებინებო და როდესაც 25 წლის გავხდი, ვიღას ახსოვდა ცხვირი. მხოლოდ ფილერით გავისწორე პროფილი“, - ჰყვება მაყაშვილი.
მსახიობი განმარტავს, რომ ხშირად არსებობს მის ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც არ ჭამს ან ჭამს იმდენს, რომ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს:
„ძალიან ცუდად ვიკვებები, ან არ ვჭამ, ან იმდენს ვჭამ ვერ მაჩერებენ. დილას საერთოდ არ ვსაუზმობ, მაგრამ ჭამა ძალიან მიყვარს“,- ამბობს იგი.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი 15 წელია ეკრანზე ჩანს და იდეალურ ფორმაშია. მას და მის მეუღლეს, მორაგბე, სანდრო ნიჟარაძეს ორი შვილი - ილია და კატო ჰყავთ.