78 წლის დები მილერი Ms. Senior America 2026–2027-ის გამარჯვებული გახდა.
როგორც გამოცემა Vogue წერს, კონკურსი ატლანტიკ-სიტიში, სასტუმრო Tropicana-ში გაიმართა და მასში სხვადასხვა შტატის წარმომადგენელი 60 წელს გადაცილებული ქალები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მხოლოდ სილამაზის კონკურსი არ ყოფილა - მისი მთავარი მიზანი ქალების მიღწევების, ინდივიდუალობისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაა.
დები მილერი, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენდა, კონკურსში მეორედ მონაწილეობდა. პირველად მან ღონისძიებაში 60 წლის ასაკის მიიღო მონაწილეობა. 78 წლის ასაკში კი სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა და საბოლოოდ გამარჯვებულის გვირგვინიც მოიპოვა.
„შეიძლება 78 წლის ვარ, მაგრამ ვიფიქრე, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა“, - აღნიშნა მილერმა.
გამარჯვების შემდეგ დები მილერმა ემოციური გზავნილი გაუზიარა მათ, ვინც ასაკის გამო თავს შეუმჩნევლად ან დავიწყებულად გრძნობს.
„ყველას, ვინც თავს უგულებელყოფილად ან დავიწყებულად გრძნობს, ვეტყოდი: თქვენ ისევ ის ადამიანი ხართ, ვინც ყოველთვის იყავით. თქვენში კვლავ ცხოვრობს პატარა გოგონა, მორცხვი პატარძალი და ბედნიერი დედა, ეს ყველაფერი თქვენშია. განაგრძეთ ცხოვრება და წინ იარეთ“, - განაცხადა მან.
სილამაზის კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე რამდენიმე ეტაპზე წარდგებიან, მათ შორისაა ნიჭის ჩვენება, საღამოს კაბების წარდგენა და ცხოვრებისეული შეხედულებების შესახებ საუბარი. კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალების პირად ისტორიებს, გამოცდილებასა და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ცნობისთვის, კონკურსი Ms. Senior America 1972 წელს თეოლოგმა ალ მოტმა დააარსა. მისი მიზანი იყო იმ ასაკოვანი ქალების დაფასება, რომლებიც საზოგადოებაში ხშირად შეუმჩნევლად რჩებოდნენ.