Digest Logo

„ბევრი საიდუმლო გვაქვს... ყველა გოგოს ვუსურვებ ისეთ საჩუქარს, როგორიც ჩემი დედამთილია“ - როგორია ციაკოს ოჯახური იდილია

1686421800
ციაკო ფიფიაციაკო ფიფია

მსახიობ ციაკო ფიფიას იუმორისტული პერსონაჟების ,,გალერეა” მრავალფეროვანია – ვაკელი გოგო, დედამთილებთან მოჩხუბარი რძალი, ზარმაცი გამყიდველი, სამეგრელოდან თბილისში ჩამოსული ,,დაქოქილი” გოგო და ა.შ. მართალია, თავად თვლის, რომ ყველა როლი ერთნაირი წარმატებით ვერ გამოსდის, მაგრამ ქმრის სახით დიდი მხარდამჭერი ჰყავს.

საერთოდ, ციაკოს ზურგს უმაგრებს ოჯახი, რომელშიც 8 წლის წინ შევიდა და დღემდე თვლის, რომ ძალიან გაუმართლა. მთელი ეს პერიოდი დედამთილთან და დიდ დედამთილთან ერთად ცხოვრობს და ცალკე გადასვლის სურვილი არასოდეს ჰქონია.

„სანამ გავთხოვდებოდი, ბაბუაჩემი სულ იძახდა, თხა არის და რომ გათხოვდება, აუცილებლად უკან მოგვიბრუნებენ, არაფრის გაკეთება არ იცისო. მართლა ასე იყო, სანამ გავთხოვდებოდი, საოჯახო საქმე ჩემი არ იყო. 

დედამთილთან ჩემი ურთიერთობის ფორმა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც სკეტჩებშია. 8 წელია, გათხოვილი ვარ და 8 წელია, ვცხოვრობ ჩემს არაჩვეულებრივ დედამთილთან. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვდა. სულ მგონია, რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი ქმრის დედაა, მგონია, რომ დედაჩემიც არის.

საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთმანეთის მესაიდუმლეები. ბევრი ისეთი საიდუმლო გვაქვს, რომლებიც მარტო ჩვენ ორმა ვიცით და არავინ სხვამ.

დედამთილთან ერთად არ ვცხოვრობდე, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დედამთილი ჩემს შვილს თავიდან ბოლომდე ზრდის. ხანდახან ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ რამდენიმე დღე შეიძლება ვერ ვნახო ბავშვი, რადგან, როცა სახლიდან გავდივარ და ვბრუნდები, სძინავს ხოლმე.

არ არსებობს, დედამთილმა, ქმართან ერთად თუ ვარ, ის არ გაამტყუნოს, მაგრამ როგორც კი ჩემი ქმარი სახლიდან გავა, მერე დამსვამს და მეუბნება, რაში ვიყავი მართალი და რაში – არა. რჩევებს, დარიგებებს მაძლევს და ამას ისეთი ფორმა აქვს, რომ შეუძლებელია, არ მიიღო. ყველა გოგოს ვუსურვებ ისეთ საჩუქარს, როგორიც ჩემი დედამთილია“,- ამბობს ციაკო „სარკესთან“ ინტერვიუში.