Digest Logo

🎥 „ბიჭებს დამოუკიდებლობა ადრეულ ასაკში უნდა მიეცეთ“ - თიკა ფაცაციას 3 ვაჟი დედობაზე, მათ წარმატებასა და მეუღლესთან ფუნქციების განაწილებაზე

1782899206
თიკა ფაცაცია

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია შვილებთან ურთიერთობის, მათთვის დამოუკიდებლობის სწავლისა და ოჯახური თანაცხოვრების შესახებ გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს. მან საჯაროდ გაიხსენა მეუღლის, დათოს მიერ გადადგმული უმძიმესი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც ერთ-ერთი შვილის საოპერაციო მდგომარეობა პირდაპირი ეთერის დასრულებამდე დაუმალა, რათა მისი ემოციური მდგომარეობა დაეზოგა. 3 შვილის დედა აღნიშნავს, რომ უფროსი ვაჟის, ანდროს სამწვრთნელო კარიერამ კალათბურთი სრულიად სხვა თვალით დაანახვა, ოჯახში კი შვილების აღზრდისას მეუღლესთან დიდი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ემოციური მხარის მართვა მთლიანად საკუთარ თავზე აქვს აღებული.

- რამდენად ხშირად კონტაქტობს შვილებთან?

თიკა ფაცაცია: მე დიდი ხანია მივეჩვიე და ფსიქოლოგებმაც გვასწავლეს, რომ არ არის აუცილებელი მთელი დღეები შვილებთან ატაროს მშობელმა. შეიძლება სულაც არ იყოს პროდუქტიული ასეთი მიდგომა და ის ერთი გატარებული დღე იყოს ნაყოფიერი. შეიძლება ის ერთი 10-წუთიანი საუბარი იყოს პროდუქტიული. ამას მე ყოველთვის ვახერხებ, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. თუ ერთად პადელი ვერ ვითამაშეთ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს 10 წუთი ან 20 წუთი არის ჩემი შველა და შვება. ვგრძნობ, ახლოს ვარ შვილებთან.

ამას წინათ ანდრომ მითხრა: „ძალიან ბევრს ნერვიულობო“. ალბათ სხვა თვალით დანახული შენ, სხვანაირად ჩანხარ და მენიშნა, რომ ალბათ, უკვე დიდები არიან. უნდათ ჩემი დარიგებების და ღელვის გარეშე იყვნენ. დავღალე ბავშვები და საკუთარი თავიც.

- როგორ ასწავლი შვილებს დამოუკიდებლობას?

თიკა ფაცაცია: კარგა ხანია ამაზე ვმუშაობ, იმიტომ რომ ჩემთვის მშრომელი ადამიანი არის უძვირფასესი. თავადაც ხედავენ მე როგორ ვშრომობ და სხვის შრომასაც ფასს ვადებ. ამიტომ, სულ ვცდილობ, მათ ვასწავლო შრომის დაფასება, გააზრებულად ეს ჭიპლარი ჩავჭრა. ჩემი დიდი შფოთვების მიუხედავად სულ ვცდილობ, რომ ეს დამოუკიდებლობა ჰქონდეთ.

მით უმეტეს, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან და მინდა, უფრო ადრე ასაკში იგრძნონ. ნუ გოგონებმაც უნდა იგრძნონ, თუმცა შეიძლება მომდევნო პერიოდისთისაც გადაიდოს. ბიჭს მალევე უნდა მიეცეს ამის საშუალება. მით უმეტეს, სამი შვილი მყავს და ყველას სხვადასხვა დროს შევატყვე ამის უნარი.

- ანდროს {რედ. შენიშვნა: თიკას უფროსი ბიჭი} წარმატების ისტორია:

თიკა ფაცაცია: ანდრო არის ლიეტუვაში ერთ-ერთი გუდის მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთი ბავშვობიდან ჩემთვის დომინანტური სპორტია. ანდროს წარმატებით სხვა და, უფრო მაღალ დონეზე დავინახე რა შეიძლება იყოს კალათბურთი. საოცარი დღესასწაულის შეგრძნება შევძელი, როცა მოვახერხე და ანდროს 4 წლის სამწვრთნელო კარიერაში თამაშზე ჩავედი. საკმაოდ რთულია საქართველოს მერე ასეთი რთული კლიმატის ქვეყანაში ყოფნა.

- შვილის კარიერა:

თიკა ფაცაცია: ძალიან რთულია, მიხვდე სად ხარ უკეთესი. ანდრო იყო ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა შენი სამსახური ადვილიაო. სულ ვეუბნებოდი ბავშვობიდან, რომ ეპოვა ისეთი საქმიანობა, რომელიც მისთვის ჩემი პროფესიასავით „ადვილი“ იქნებოდა. ვგულისხმობდი პროფესიის სიყვარულს. მე მგონი მივიდა იქ, სადაც უნდოდა. სპორტსმენის კარიერა და მწვრთნელის კარიერა დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამას მივხვდი მწვრთნელის საქმიანობიდან, რაც არის 24-საათიანი მუშაობა.

- როგორ არის გადანაწილებული მშობლების ფუნქციები ოჯახში:

თიკა ფაცაცია: ანდროს შემთხვევაში მე და ჩემ მეუღლეს დიდი ჭიდაობები გვქონდა. ყველაზე დიდი აზრთა სხვდასხვაობა სწორედ ამაზე გვქონდა. შვილი არის შენი მომავლის გარანტი. სად ისწავლიდა, რას გააკეთებდა და ა.შ. მე მაქვს ჩაბარებული ჩემი შვილების ემოციური მხარე. შეიძლება სხვა ნაწილში, ტექნიკურში მე არ ჩავერიო რადგან მას ვენდობი.

- თიკას ყველაზე დიდი მხარდამჭერი — მეუღლე: 

თიკა ფაცაცია: მე ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას. ერთ ისტორიას გავიხსენებ: 12 იანვარი იყო, თინაობა და ვარ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაცვია, ძალიან გრძელი თეთრი კაბა. დიდი ენერგიით ვიყავი და მთელი დარბაზი მეჭირა, საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა ეთერი. ვიცოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი შვილი წასული იყო სტუმრად და ვაკონტროლებდი კულისებიდან. თუმცა ყველაფერი როცა მორჩა, კულისებში მხვდება დათო. გამიკვირდა იქ რა უნდოდა: „ისე მოვედი მოგაკითხეო“. შემომაპარა, „ძაღლმა უკბინა ბავშვსო თავზეო. საავადმყოფოშია და მოვედი, რომ წაგიყვანოო. საოპერაციოა და მინდოდა გცოდნოდა, ველოდებოდი ეთერი როდის დამთავრდებოდაო“. ჩავჯექი ამ თეთრი კაბით მანქანაში და ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან, ვისაც კი ვიცნობდი. რომ მივედი ბავშვი გადაბინტული დამხვდა. ბავშვი მებოდიშებოდა, რომ მანერვიულა. საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია იყო. მე რომ ვყოფილიყავი პირველივე წამიდან ავაფეთქებდი დათოს. სანამ არ დასრულდა ეს ეთერი, იქამდე არ გამაგებინა არაფერი. ამას რამხელა ძალა უნდა, რომ შენ თავზე აიღო ყველაფერი, ხელი შეუწყო სხვასაც და შენი შვილის უსაფრთხოებაზე იზრუნო. ვფიქრობ ამ ისტორიით მისი ადამიანობა ჩანს.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო: 👇

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „თუ არ გიჭირს, მაშინ არ გყვარებია ის ადგილი ან სფერო“ - თიკა ფაცაცია პროფესიისადმი მიჯაჭვულობაზე

⭕ „სუფთა ჰაერი, საოცარი ბუნება, მისტიკა“ - გიორგი ნიკოლავას შთამბეჭდავი კადრები მაღალმთიანი აჭარიდან

⭕ დიდი ადრონული კოლაიდერი ოთხი წლით გააჩერეს