ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დღეს 28 ივნისს იუბილარია, იგი 39 წლის გახდა. მისი ნიჭი და პოპულარობა საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია, სადაც მეუღლესთან, ოთარ მაისურაძესთან ერთად ცხოვრებისეულ სიახლეებს გვიზიარებს.
ამჯერად ანიტას მეუღლე ოთარ მაისურაძე, ცოლს დაბადების დღეს თბილი პოსტით ულოცავს:
„დღეს ჩემი ანუშკის დაბადების დღეა.
ანნ ჩემო სიყვარული გილოცავ ბედნიერი, ჯანმრთელი მიმყოფოს ღმერთმა მთელი ცხოვრება შენი თავი, მიყვარხარ თავზე მეტად.
დაბადების დღეს ვულოცავ, ჩემი გულის დედოფალს, ჩემი ოცნების ქალს და ჩემი ცხოვრების სიყვარულს“, – წერს ოთო მაისურაძე.
თუმცა უცხოეთში წასვლამდე ანიტამ საკმაოდ რთული გზა გაიარა. ამაზე თავადაც საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში:
„არასოდეს არ მქონია სურვილი, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი მუსიკით დაინტერესებული, ვმღეროდი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, შვიდწლედიც დავამთავრე, მაგრამ ოპერის მომღერლობა არასოდეს მნდომებია. გაუცნობიერებლად ჩავაბარე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ გაუცნობიერებლად დავიწყე მომზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა – ასეთი მიდგომა მქონდა.
ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინდოდა კონსერვატორიაში სწავლა. მიუხედავად იმ წლების სირთულეებისა, განსაკუთრებით კი – გაჭირვებისა, კონკრეტულად ჩემი ოჯახის გაჭირვებისა. ყველაზე საოცარი მომენტი იყო დედაჩემის და მამაჩემის დანახვა „ლა სკალას“ პარტერში, მესამე რიგში. დედას ტირილს მიჩვეული ვარ, ემოციური ქალია, მამაჩემი ღვრიდა ნიანგის ცრემლებს. ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, რომ არ უნდა შემეხედა, მე თვითონაც ტირილს ვიწყებდი. ვხედავდი ჩემს დას სამეფო ლოჟაში და იქიდან მისმენდა… და ეს საამაყო დღე იყო. სამივე ტიროდა ბედნიერებისგან. ვიყავი 25 წლის, პატარა, გამოუცდელი მომღერალი. 130 ქვეყანაში ხდებოდა ამ სპექტაკლის ტრანსლაცია.
მახსოვს, ჩემი მენეჯერები ყოველ შესვენებაზე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ახალი შემოთავაზებები გვაქვსო. მაშინ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, ეტაპი, სადაც შემეძლო, რომ ჩემი მშობლების ბინა დამებრუნებინა. ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ… გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში. ყოფილა დღეები, რომ ხახვი და პური მიჭამია და ისე წავსულვარ კონსერვატორიაში. მქონდა სანდლები, რომლებზეც წინდებს ვიცვამდი და ისე მივდიოდი კონსერვატორიაში, რადგან ზამთრის ფეხსაცმელი არ მქონდა. ჩემი მშობლები ბევრჯერ მშივრები დარჩენილან, რომ მე და ჩემს დას გვეჭამა..“, - ამბობდა ანიტა რაჭველიშვილი.
ანიტა რაჭველიშვილს უიღბლო ქორწინების გამოცდილება აქვს. იტალიელ ქმარს, ტენორ რიკარდო მასიას, ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
„5 წელიწადზე მეტი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაშორება ტკივილში გადაზრდილიყო. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვას თითქმის ვერ ვახერხებ. ქართველმა კაცებმა ქალის სხვანაირი პატივისცემა იციან. იქაურმა კაცებმა ისეთი ელემენტარული რაღაცებიც არ იციან, რაც ქალისთვის სკამის გაწევა ან კარის გაღებაა. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ნელ-ნელა შევეგუე ამ ფაქტს, რომ კარსაც არავინ მიღებდა, მაგრამ ეს საწყენი არ ყოფილა. რადგან ამას მხოლოდ ჩემთან კი არა, არავისთან აკეთებდა. მერე ნელ-ნელა ისწავლა და თანაცხოვრების მეხუთე წელს საკუთარი ხელით მიღებდა კარს.
მიმაჩნია, რომ კაცი უნდა იყოს ის შუქურა, რომლისკენაც ოჯახი მიილტვის. ჩემი ოჯახი მაგალითად მაქვს, სადაც ყოველთვის ერთხმად წყდებოდა ყველაფერი. გენდერული თანასწორობის ბოლომდე არ მწამს, მიმაჩნია, რომ თუ მამაკაცი ძალიან ძლიერია, მას უნდა მიჰყვე. თუ მამაკაცი ძლიერი არ არის, მაშინ ქალი იძულებულია, საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღოს.
ჩემნაირი ძლიერი ქალები, რომლებიც ვცდილობთ, ჩვენი ძალებით რაღაცას მივაღწიოთ, ყოველთვის ვიქნებით პრობლემებში, ძიებაში. მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე უღირსი ადამიანის გვერდით“ - ამბობდა ანიტა რაჭველიშვილი „სარკესთან“ იტალიელ ქმართან განქორწინების შემდეგ.
ანიტას რჩეული და მეუღლე ოთარ მაისურაძე პროფესიით მუსიკოსი და მომღერალია. წარსულში მორაგბე იყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის დახმარებით გაიცნეს და ურთიერთობა პირველად მიმოწერით დაიწყო:
„სოციალურ ქსელში ვმეგობრობდით და უბრალოდ, ერთმანეთის ფოტოებს ვალაიქებდით. როცა პირადად შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და პარიზში წამოსვლამდე ოთომ ხელი მთხოვა“, - ამბობდა ანიტა.
წყვილი ამჟამად ბედნიერად და ტკბილად ცხოვრობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად
⭕ „უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილი წითელ კაბაში პოზირებს
⭕ „გთხოვთ, გაავრცელეთ“ - ოჯახი 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებს