სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის ქალიშვილმა, კაია გერბერმა, ძმის, პრესლი გერბერის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და მას საჯაროდ დაემშვიდობა.
კაიამ სოციალურ ქსელში ბავშვობის ვიდეო და ფოტოები გააზიარა, რომლებშიც და-ძმა ერთად არიან გადაღებული. ვრცელ წერილში მან ძმასთან განსაკუთრებულ კავშირზე, საერთო მოგონებებსა და იმ ტკივილზე ისაუბრა, რომელსაც მისი დაკარგვის შემდეგ განიცდის.
„პრესლი,
სიტყვები არ მყოფნის. შესაძლოა, ამ ყველაფერში ერთადერთი მცირე ნუგეში ისაა, რომ ყოველთვის არც გვჭირდებოდა სიტყვები. სიტყვები გვღალატობს, ამცირებს სათქმელს, აჯამებს იმას, რისი შეჯამებაც შეუძლებელია და ხშირად სიმართლესაც ვერ იტევს. რა გულუბრყვილო ვიყავი, როცა მეგონა, რომ ენას მწუხარების გადმოცემა შეეძლო.
ყველა წიგნი წავიკითხე, მაგრამ პასუხები არ მაქვს. ვერანაირი სიტყვა ვერ შეედრება იმ ტკივილს, რომელსაც შენი დაკარგვა იწვევს.
შენ იცი, როგორ მიყვარდა შენს დად ყოფნა. ეს ყოველთვის იყო და სამუდამოდ დარჩება იმად, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს. ამქვეყნად შენზე ჩაჭიდებული მოვედი. იმაზე მეტი სიყვარული მქონდა შენთვის, ვიდრე თავად შემეძლო გამეაზრებინა. ახლა კი, როცა ამ სიყვარულს აღარ აქვს აშკარა ადგილი, სადაც წავიდოდა, მეშინია, რომ მთლიანად შთანთქავს ჩემს არსებას.
შენ ყოველთვის გჯეროდა ადამიანების. სისასტიკეს ბრაზით კი არა, დაბნეულობითა და ცნობისმოყვარეობით ხვდებოდი. გჯეროდა, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები არიან, რადგან თავად იყავი ასეთი კეთილი.
და ამ ყველაფრის მიუხედავად, მე შენი და ვიყავი - ბედნიერი მოწმე შენი ცხოვრების, ვუყურებდი ადამიანს, რომელმაც ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი სინაზე შეინარჩუნა.
შენ ჩემი უდიდესი მასწავლებელი იყავი, სანამ აქ იყავი. ახლა კი ვფიქრობ, რა უნდა ვისწავლო შენი არყოფნისას.
მახსოვს, ბავშვობაში ყურების გახვრეტის შემეშინდა და შენ პირველი წახვედი. შენ ყოველთვის პირველი მიდიოდი. მაგრამ როცა ხელში შენი სხეულიდან ამოღებული საყურე მეჭირა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის შენ გეკუთვნოდა. და როგორ მინდა, ამჯერად პირველი არ წასულიყავი...
იმის თქმა, რომ შენი სიყვარული ყველაზე მარტივი რამ იყო მსოფლიოში, იმასაც გულისხმობდა, თითქოს ამისთვის რაიმე ძალისხმევა იყო საჭირო. მე შენზე სიყვარულით დავიბადე და შენზე სიყვარულით მოვკვდები. სხვა არასდროს არაფერი ყოფილა.
ახლა ვსწავლობ, როგორ მიყვარდე მაშინ, როცა ვერ გხედავ; როგორ გითხრა რაღაც ისე, რომ ტელეფონი არ ავიღო და არ დაგირეკო; როგორ ვიყო შენი და სამყაროში, სადაც ვეღარ მოგწვდები. ჯერ არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სად მთავრდება ეს ყველაფერი, ყველაფერს თავიდან ავირჩევდი - ყოველ წამს. შეგნებულად გავივლიდი ამ ტკივილის გზასაც კი, თუკი მის მეორე მხარეს შენი და ვიქნებოდი.
ჩემო ძვირფასო ძმაო, მე შენ გაღმერთებ. მე ჩემი ძმა მიყვარს. ჩემი ძმა აღარ არის.
და ეს წვეულება შენ გარეშე საშინლად მოსაწყენია, პრესლი.
ჩემო საუკეთესო მეგობარო, ჩემო უდიდესო მფარველო, ადამიანო, ვისთანაც ყველაზე გულწრფელად ვიცინოდი და ვინც ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო...
შენ ყველა სანთელს მინთებდი და ყველა ურჩხულს მაშორებდი. მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ. მხოლოდ შენ იცი, რამდენად. მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი“,- წერს კაია გერბერი.
27 წლის პრესლი 2016 წლის 20 სექტემბერს, სანტა-მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის, თუმცა სამართალდამცველები შესაძლო ზედოზირების ვერსიას იძიებენ.
იმავე დღეს კაიას მშობლებმა, სინდი კროუფორდმა და რენდ გერბერმა, გარდაცვლილ შვილს ერთობლივი პოსტით პატივი მიაგეს. მათ აღნიშნეს, რომ განადგურებულები არიან მომხდარით, თუმცა მადლიერები არიან იმ 27 წლისთვის, რომელიც პრესლისთან ერთად გაატარეს.
ოჯახმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდში თანადგომა გამოხატა.