Digest Logo

„ემიგრაციიდან სულ სხვა დავბრუნდი“ – თაკო მელიქიშვილი ცხოვრების უცნობ ისტორიებსა და ახალ პროფესიაზე

1795695272
თაკო მელიქიშვილი

მომღერლისა და რადიოწამყვანის თაკო მელიქიშვილის ცხოვრებაში იყო განსაცდელები, წარმატებები, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური დღეები, თუმცა, თავს მაინც იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და არც საკუთარ პრობლემებს ახვევს თავს სხვებს.

მისი ცხოვრების სირთულეებზე იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, საიდანაც ამონარიდს „დაიჯესტი“ გიზიარებთ:

„გამიმართლა, რომ ვიღვიძებ, ცოცხალი ვარ და ყოველი დღის თავიდან დაწყების შესაძლებლობა მაქვს. რაც არ უნდა სირთულეები შეგხვდეს, სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო, გიყვარდეს, დაიხარჯო და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვრო. შესაბამისად, ვფიქრობ, როცა ახალი დღე თენდება და თვალებს ახელ, სამყაროს ხედავ, ეს უკვე ბედნიერებაა.

თავისთავად, ჩემთვის ძალიან დიდი გამართლება და ბედნიერებაა, რომ მყავს შვილები, რომლებიც ჩემი დიდი ძალა და მოტივაციაა. გამიმართლა, რომ შემიძლია, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს, ცხოვრებაში ახალი გზები ვიპოვო, სხვა ადამიანებს გვერდით დავუდგე.

ბოლო წლებია, ასტროლოგიასა და ნუმეროლოგიაში საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე და ჩემი საყვარელი საქმე გახდა. ამ პროფესიებში ვიპოვე საკუთარი თავი და მიმაჩნია, რომ ეს ისაა, რაც ჩემია და მახარებს. ადამიანი კი მაშინაა ბედნიერი, როცა საყვარელ საქმეს აკეთებს. ჯერ იწყებ ჰობით, გაქვს გატაცება და შემდეგ ეს ხდება შენთვის საყვარელი საქმიანობა, რასაც თავისთავად, ფინანსებიც მოაქვს. როცა იპოვი საკუთარ დანიშნულებას, რისთვისაც ამ სამყაროში მოხვედი. როცა შენი საყვარელი საქმით ხარ დაკავებული, დრო ისე გადის ვერც კი ამჩნევ. ციფრული ფსიქოლოგია, ასტროლოგია და ნუმეროლოგია კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.

გამიმართლა, თუნდაც იმაში, რომ ხშირად ადამიანები ვერ პოულობენ საკუთარ თავს, მხოლოდ ფულის გამო ემსახურებიან იმ საქმეს, რაც არ მოსწონთ. მაგრამ, მე საყვარელი საქმით ვიღებ სიამოვნებას და იმავდროულად, სხვა ადამიანებსაც ვეხმარები, იპოვონ თავიანთი დანიშნულება და მისია დედამიწაზე, სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი ყოფილა“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

„ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი და სირთულე გამოვიარე, მაგრამ ვისწავლე, ზოგჯერ უნდა გაუძლო გაურკვევლობას, მიიღო ის, რასაც ვერ შეცვლი და მაინც განაგრძო გზა. ვისწავლე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში შეიძლება, სირთულეები არსებობდეს, სიხარულისა და ბედნიერებისთვის ყოველთვის რჩება ადგილი.

სხვათა შორის, ბევრმა არც კი იცის, რომ გარკვეული პერიოდი ემიგრაციაში ვიყავი და იმ 7-თვიანი ემიგრაციაში ყოფნის დროს, უფრო მეტად შემიყვარდა ემიგრანტები, თუმცა მანამდეც მიყვარდა. სანამ თავად არ გამოცდი ემიგრაციის სირთულეს, ვერ ჩასწვდები იმ სირთულეებსა და განცდას, რაც მას თან ახლავს. როცა თავად გაივლი ამ გზას, მერე ხვდები.

ახლაც კარგად მახსოვს, რომ ჩავალაგე ჩემი პატარა ჩემოდანი და წავედი ემიგრაციაში უცხო ქვეყანაში. არც კი ვიცოდი, რა მოხდებოდა, გამიმართლებდა თუ არა, მაგრამ მაინც წავედი. ამ ყველაფრის შემდეგ რომ მეკითხებიან, თუ გეშინია რამის, რთულია შენთვის ცხოვრებაო, ვპასუხობ: რა თქმა უნდა, არა-მეთქი. ამაზე მეტი სირთულე არ არსებობს, როცა იცი, გაურკვევლობაში მიდიხარ, მაგრამ მაინც დგამ ნაბიჯს და მიდიხარ. რთული პერიოდი ბავშვობიდან ხშირად იდგა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამან გამაძლიერა. ახალმა პროფესიამ კი, გამიიოლა ყოფა. იმდენად გამიმარტივა ციფრულმა ფსიქოლოგიის შესწავლამ ჩემი ცხოვრება, მივიღე ყველაფერი ის, რისი შეცვლაც არ არის შესაძლებელი. როცა საკუთარ თავზე სწორად მუშაობ, ცხოვრება იოლდება.

კიდევ ვიტყვი, რომ ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის იდგა მაშინ, როცა საქართველოდან ემიგრაციაში წავედი. იქიდან კი, შვიდი თვის შემდეგ, სულ სხვა თაკო დავბრუნდი, ჩემი ახალი პროფესიით, ჩემი ახალი ცხოვრებით. ზოგადად, როცა რთული პერიოდი მაქვს, ამ დროს საკუთარი თავი მიდგას გვერდით. როცა ოთხ კედელში მარტო რჩები, ამის შემდეგ თავიდან იბადები, უფრო ძლიერი, ისეთი, ვერავინ რომ ვეღარ გაგტეხს.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ თავს და მადლობა ხალხს სიყვარულისთვის. ხალხი მოდის და მეუბნება: შენს პოსტებს ვუყურებთ სოციალურ ქსელში და დღე ბედნიერად იწყება, მხოლოდ პოზიტივს ასხივებო. ძალიან გამიმართლა, რომ ხალხს ასეთი დადებითი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ და სოციალურ ქსელში არცერთი ცუდი კომენტარი არ მახსენდება ჩემზე. ახალი სახელიც კი შემარქვეს – თაკო ზოდიაქო (იცინის). ზოგადად, დადებითი ენერგია უნდა გასცე და რა ენერგიითაც იქნები, ზუსტად იგივე პარტნიორს მოიზიდავ, ისწავლი გაცემას? მეტი ფული მოვა. ასე რომ, ვეცადოთ ბევრი ბედნიერება გავცეთ და იმავეს მივიღებთ. გვიხაროდეს სხვისი წარმატება და ვიქნებით წარმატებულები“, - ამბობს მელიქიშვილი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ვის გაუმართლებს წლის ბოლო თვეში? – ზოდიაქოს 4 ნიშანი ფინანსური იღბლისა და წარმატების მოლოდინში

🎥 „დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

🎄3 რამ, რაც ნაძვის ხის ქვეშ უნდა დადოთ, რომ წელი ბარაქიანი იყოს

✕