დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ, რომელიც პოდკასტში „ჩვენ“ იმყოფებოდა სტუმრად, ისაუბრა იმ განსაკუთრებულ გრძნობაზე, რომელიც შვილიშვილების; სოფიასა და რეზი უმცროსის დაბადებამ მოუტანა და გაამხილა, როგორი ბაბუა აღმოჩნდა მისი მეუღლე, რეზი არველაძე.
„ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. შვილი სხვა არის, მაგრამ ეს არის რაღაც დაუჯერებელი გრძნობა. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილის შვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის პერსონალური სიყვარული ამ ინდივიდის მიმართ.
რეზი აღმოჩნდა საოცარი ბაბუა. ვიცოდი, რომ ძალიან კარგი მამა იყო და მოსალოდნელი იყო ასეთივე ბაბუა იქნებოდა. რეზი უმცროსი ჯერ თვეებისაა და სოფია, რომელიც ორი წლისაა, ისეთ სიყვარულს აჩვენებს რეზიკოს, რომ ჭკუიდან ჰყავს გადაყვანილი. ბაბუს ნაცვლად, „აბუს“ ეძახის, ხან „აბუკუნა“, „აბუსკინო“,- ჰყვება დიზაინერი.
ინტერვიუში მან შვილებთან ურთიერთობის საინტერესო დეტალიც გაამხილა. თურმე, შვილები მას საკმაოდ მკაცრ დედად მიიჩნევენ, რასაც თავად თეონა იუმორით ხვდება:
„რაც შეეხება შვილებს, მეგობრული დედა ვიყავი. დღეს მახსენებენ: „ძალიან მკაცრი იყავი, განსაკუთრებით სწავლასთან დაკავშირებითო“. მსგავსი არ მახსოვს, მგონია, ამეტებენ (იღიმის). იცით, რა აღმოვაჩინე? ეს მათთვის არ მითქვამს, აქედან გაიგებენ: მას შემდეგ, რაც შვილები გაუჩნდათ, კიდევ უფრო შევუყვარდით“, - ამბობს თეონა თავართქილაძე.





