ამერიკელი მსახიობის, ჰეიდენ პანეტიერის გარდაცვალება ოფიციალურად უბედურ შემთხვევად შეფასდა. სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინვილის პოლიციამ გამოძიების დასრულების შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა. მსახიობი 16 აგვისტოს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გრინვილის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და გამოძიების შედეგებს ეფუძნება.
„სამედიცინო ექსპერტის დასკვნისა და გამოძიების შედეგების საფუძველზე, ჰეიდენ პანეტიერის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად შეფასდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სამხრეთ კაროლინის გრინვილის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის დასკვნით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედება გახდა.
პანეტიერი 16 აგვისტოს გრინვილში, საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა მსახიობი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს იქ მისი ყოფილი პარტნიორი, ბრაიან ჰიკერსონი და მისი ძმა, ზაკ ჰიკერსონიც იმყოფებოდნენ.

ჰეიდენ პანეტიერი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ცნობილია სერიალებიდან Heroes და Nashville, ასევე ფილმებიდან Remember the Titans და Scream. კარიერის განმავლობაში მან მსახიობობასთან ერთად მუსიკალურ საქმიანობაშიც მოსინჯა ძალები.
მსახიობი ღიად საუბრობდა დამოკიდებულებასთან ბრძოლის გამოცდილებაზეც. საკუთარ მემუარებში, This Is Me: A Reckoning, მან ალკოჰოლსა და ოპიოიდებზე დამოკიდებულების, მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და გამოჯანმრთელების რთული გზის შესახებ დაწერა.
პანეტიერის გარდაცვალების შემდეგ მისი ყოფილი საქმრო, უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო, მათი 11 წლის ქალიშვილის, კაიას, ინტერესების დასაცავად სამართლებრივ ნაბიჯებს დგამს.