ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ჯანეტ ჯექსონი იშვიათი საჯარო გამოჩენისას ყურადღების ცენტრში მოექცა. 60 წლის არტისტი ბევერლი-ჰილზში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო, სადაც ელეგანტური, მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა.
როგორც გამოცემა OK! Magazine წერს, ჯექსონი 22 ოქტომბერს Dancers Against Cancer-ის საქველმოქმედო საღამოს, Gala of the Stars-ს დაესწრო. ღონისძიების მიზანი კიბოს დიაგნოზის მქონე მოცეკვავეების, ქორეოგრაფებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებაა.
მომღერალს შავი მაქმანებით გაფორმებული, ტანზე მომდგარი, გრძელმკლავიანი და იატაკამდე დაშვებული კაბა ეცვა. მაღალყელიანი სამოსის დეტალები და მაქმანების გამჭვირვალე ეფექტი მის ჩაცმულობას განსაკუთრებულ იერს სძენდა. ლუქს ჯექსონმა ოქროსფერი საყურეები, დახვეწილი მაკიაჟი და მოცულობითი, უკან გადავარცხნილი, ღია ფერის თმა შეუხამა.
ჯანეტ ჯექსონი საღამოზე მხოლოდ სტუმრის სტატუსით არ იმყოფებოდა, მან მომღერალ მისის ელიოტს ორგანიზაციის - Icon Award გადასცა. ორი არტისტი ერთმანეთს მრავალწლიანი მეგობრობა და მუსიკალური თანამშრომლობა აკავშირებს.
ღონისძიებას სხვა ცნობილი სახეებიც დაესწრნენ, მათ შორის ჯოჯო სივა, კარმენ ელექტრა, ტორი სპელინგი, ჰილარია ბოლდუინი და პაულა აბდული.
ჯექსონის გამოჩენა განსაკუთრებით საინტერესო იმითაც გახდა, რომ მომღერალი საჯარო ღონისძიებებზე შედარებით იშვიათად ჩნდება. მისი წინა წითელი ხალიჩა ივნისში, BET Awards-ის დაჯილდოებაზე იყო, სადაც მან სრულიად განსხვავებული, ქუჩის სტილით შთაგონებული სამოსი აირჩია.
ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში ჯანეტ ჯექსონი სინგაპურშიც გამოვიდა, Formula 1-ის გრან-პრის ფარგლებში გამართულ კონცერტზე. ეს ქვეყანაში მისი პირველი გამოსვლა იყო 2011 წლის შემდეგ.
მომღერალი წელს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მიზეზითაც მოექცა: მან უარი თქვა ძმის, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობაზე. მოგვიანებით მისმა ძმისშვილმა, ჯაფარ ჯექსონმა, მიანიშნა, რომ ჯანეტს შესაძლოა საკუთარი ბიოგრაფიული ფილმის შექმნის იდეა ჰქონდეს.

